Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ ვაქცინასაც მთავრობა შემოგვთავაზებს, ის უნდა მივიღოთ - ინტერვიუს ჯანმოს წარმომადგენელ სიდარტა დატასთან


სიდარტა დატა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის იმუნიზაციის და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი
სიდარტა დატა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის იმუნიზაციის და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი

დღევანდელი „სინოვაკი“ ჯობს თუ ხვალინდელი „ფაიზერი“? რას ფიქრობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ ქვეყნებზე, სადაც დაუშვას აცრა ჯანკოს ავტორიზაციის არმქონე ვაქცინებით? რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვებით მიმართა სიდარტა დატას, ჯანმოს ევროპის ოფისის იმუნიზაციის და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს, რომელმაც საქართველოში შეხვედრები ჩაატარა წითურის ელიმინაციასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. საუბარი წითურას ელიმინაციის პროგრამიდან დავიწყეთ. სიდარტა დატას შეფასებით, ამ მხრივ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

სიდარტა დატა: წითურა გადამდები დაავადებაა, რომელიც ბავშვებში სერიოზულ დაავადებებს იწვევს. შეიძლება მათ თვალის პრობლემები ან გულის პრობლემები შეუქმნას და ზოგჯერ ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზიცაა. წითურას ელიმინაცია ნიშნავს, რომ ქვეყანამ მაღლ დონეზე შეინარჩუნა იმუნიზაციის პროგრამა - რაც შეეხება წითურას შემცველ ვაქცინებს - მაგრამ, ასევე, გააჩნია დაავადებაზე დაკვირვების მძლავრი სისტემა, რაც საშუალებას აძლევს განსაზღვროს, არის თუ არა ქვეყანაში წითურა.

რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ის ადამიანები, ვინც, მაგალითად წითურაზე ცრიან ბავშვს, კორონავირუსის ვაქცინის მიმართაც უფრო მიმღებლები იქნებიან?

ვაქცინებთან დაკავშირებული დამოკიდებულებები განსხვავდება. არასწორი იქნება დაშვება, რომ თუ ადამიანები ერთი დაავადების წინააღმდეგ იცრებიან, ისინი სხვა დაავადების წინააღმდეგაც აიცრებიან. კონტექსტს გაგაცნობთ. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინებს - ეს ის ვაქცინებია, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება. თუ ჩემი მეუღლე ორსულადაა, ვიცი, რომ ბავშვს აცრები უნდა გავუკეთო. შემდეგ ეს პროცესი გრძელდება - მეც, ჩემს მეუღლესაც ან ვინმე სხვასაც შეიძლება ეს ინფორმაცია მშობლებისგან მიეღო. ეს წლებია გრძელდება.

ინტერვიუს ჯანმოს წარმომადგენელ სიდარტა დატასთან
please wait

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00

თუ ამას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შევადარებთ - კოვიდის ვაქცინები ახალია. თავად დავადებაა ახალი. მხოლოდ ერთი წელია, რაც მასზე ლაპარაკი დავიწყეთ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს აღქმა ბავშვების ვაქცინასთან დაკავშირებით იგივე დარჩება თუ არა ამ შემთხვევაშიც. შეიძლება ასე იყოს, ან არც იყოს. ამიტომაც, დიდი როლი აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ვაქცინა ეფექტიანია და ამ ინფორმაციის გაზიარება ღიად და საჯაროდ მოხდეს. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამტკიცების პროცესი აქვს. 04:16

რადიო თავისუფლება: ამ მხრივ თქვენს ორგანიზაცია ალბათ ბალანსის დაცვა უწევს, არა? ერთი მხრივ, საჭიროა ვაქცინის საგულდაგულო კვლევა. მეორე მხრივ - ნებისმიერი დაყოვნება ვაქცინის ავტორიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა ბევრი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაჯდეს...

ჩვენთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის, უსაფრთხოება უპირველესია. ჩვენ გვაქვს პროცესი, რომლის იმპლემენტაციაც შეიძლება ნელი მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჯანმოს საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება 194 ქვეყანას შეეხება. ამ პროცესის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ის უკიდურესად ზედმიწევნითია. შეიცავს წინასწარ განსაზღვრულ საფეხურებს, რომელსაც გადის ნებისმიერი ვაქცინა.

ჩვენს გვესმის, რომ ეს პროცესი შეიძლება ვინმეს შეფერხებებით მიმდინარედ მოეჩვენოს. მაგრამ, უსაფრთხოება და ეფექტიანობა პროცესის მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენ ვაკვირდებით კლინიკურ პრაქტიკას - რა გაკეთდა კლინიკური კვლევების დროს. ჩვენ ვაკვირდებით წარმოების პრაქტიკას - ვაქცინის წარმოების ყველა ადგილას. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს დროს მოითხოვს.

რადიო თავისუფლება: რა დამოკიდებულება აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ზოგიერთი ქვეყნის გადაწყვეტილებასთან, დაუშვას აცრა ისეთი ვაქცინებით, რომლებსაც ჯანმოს ავტორიზაცია არა აქვს? მაგალითად „სპუტნიკით“, „სინოვაკით“ და ა.შ.

ჯანმოს საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება მექანიზმია, რომლითაც გადაწყვეტილების მიღებაში ვეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებთაც დამოუკიდებლად ამის შესაძლებლობა შეიძლება არ ჰქონდეთ. ყველა ქვეყანას გააჩნია წამლების მარეგულირებელი ეროვნული ორგანო. მათ შეუძლიათ თავადაც დააკვირდნენ იმ მონაცემებს, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება. ამიტომაც USFDA-ს, მაგალითად, საკუთარი მექანიზმი გააჩნია. ევროპის წამლების სააგენტოსაც თავისი მექანიზმი აქვს. ჯანმომ ზოგიერთ მათგანს მკაცრი მარეგულირებლის სტატუსი მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებულნი, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და სტანდარტების გლობალური მექანიზმი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს სისტემები ადგილზეა.

ქვეყნები სუვერენულები არიან და შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. ისინი გადაწყვეტილებებს საკუთარი მოსახლეობისათვის იღებენ. ჯანმო კი გადაწყვეტილებას იღებს 194-ვე წევრი სახელმწიფოსათვის.

რადიო თავისუფლება: ასეთი არჩევანის წინაშე რომ დამდგარიყავით - აიცრათ დღეს „სინოვაკით“, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუ აიცრათ „ფაიზერით“, რომელიც ავტორიზებულია და რომლის ეფექტიანობის შესახებ მეტია ცნობილი - როგორ მოიქცეოდით?

თუ ჩემი მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოიტანოს ვაქცინა, როგორც ეს უკვე არაერთხელ გაუკეთებია - ბავშვების, ორსული ქალების, მოხუცების დასაცავად, საკმარისი ნდობა უნდა მქონდეს ჩემი ჯანდაცვის სამინისტროსი და ჩემი მთავრობისა. პირველივე ვაქცინა, რომელსაც მთავრობა შემომთავაზებს, უნდა ავიღო.

რაც შეეხება ეფექტიანობის განსხვავებულ მაჩვენებლებს. ნულს ზევით ყველაფერი კარგია. ჯანმომ იმსჯელა იმაზე, თუ რა არის ის ზღვარი, რომლის ზევითაც ვაქცინა ეფექტიანად ჩაითვლება და დაასკვნა, რომ 50 პროცენტზე მაღლა ყველაფერი საკმაოდ ეფექტიანია. 30 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. არც ერთი ეს ვაქცინა, რომელსაც ახლა ვიყენებთ - „ფაიზერიდან“ სინოვაკამდე“, 30 პროცენტს ქვემოთ არაა. ჩვენ საკმაოდ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, და მოსახლეობა საკმაოდ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, რომელ ვაქცინასაც შემომთავაზებს ჩემი მთავრობა, ის უნდა მივიღო.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG