Accessibility links

site logo site logo

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა


რეფატ ჩუბაროვი

რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა ყირიმის უზენაესმა სასამართლომ სიმფეროპოლში დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს, რეფატ ჩუბაროვს. ყირიმელი თათრების მეჯლისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და აკრძალულია. ჩუბაროვს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პროკურატურა 9 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

ჩუბაროვი არეულობის ორგანიზებაში ცნეს დამნაშავედ. რუსეთის გამოძიება ასეთად მიიჩნევს საპროტესტო აქციებს ყირიმის პარლამენტის შენობასთან სიმფეროპოლში 2014 წლის 26 თებერვალს. აქციის მონაწილეები, პირველ რიგში ყირიმელი თათრები, რუსეთის მიერ ყირიმის შესაძლო ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციის მსვლელობისას მოხდა შეტაკებები რუსეთის აქტივისტებთან, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ეს მოვლენები მოხდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რუსეთი ძალისმიერ კონტროლს დაამყარებდა ყირიმზე და ნახევარკუნძულის ანექსირებას მოახდენდა. ანუ იმ დროს, როცა რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებაც კი ყირიმს უკრაინის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, ჩუბაროვი რუსეთის კანონმდებლობით გაასამართლეს „არეულობის ორგანიზებისთვის“. მას ასევე განაჩენი გამოუტანეს მუხლით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებისთვის - მისი განცხადებებისთვის იმის თაობაზე, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის.

მეჯლისის ლიდერი უკრაინის მოქალაქეა, მან ყირიმი ანექსიის შემდეგ მალე დატოვა და ამჟამად კიევში ცხოვრობს. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადა მეჯლისის ხელმძღვანელის ადვოკატმა, დაცვა ყირიმის უზენაესი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG