Accessibility links

site logo site logo

რუსეთში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი


რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულში მუხლით „ქონებრივი ზიანის მიყენება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.“ ის წინასწარი დაკავების საკანში დარჩება, სანამ სასამართლო გადაწყვეტს სასჯელის ზომას.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გუდკოვს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამავე დანაშაულის ეჭვის გამო დააკავეს პოლიტიკოსის დეიდა, ირინა ერმილოვაც.

მედიის ინფორმაციით, საქმე აღძრეს ვალის გადაუხდელობის გამო მოსკოვის მერიისგან 2015 წელს ნაქირავები ფართობის არენდისთვის. დაზარალებულად მიჩნეულია ფართობის მფლობელი - მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტი.

პოლიტიკოსის მამამ, სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა გენადი გუდკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე ეხება სარდაფს, რომლის არენდისთვის მის ვაჟს, გამოძიების ვერსიით, რამდენიმე მილიონი რუბლი აქვს გადაუხდელი. მაგრამ უფროსი გუდკოვის თქმით, არენდატორი კომპანია დიდი ხნის წინ გაკოტრდა, სათავსო დაუბრუნეს მოსკოვის ხელისუფლებას, რაიმე სახის დავალიანებაზე კი მისმა ვაჟმა მხოლოდ სამშაბათს დილით გაიგო.

გუდკოვები სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მათი აზრით, ის იმიტომ აღძრეს, რომ დმიტრი გუდკოვს არ მისცენ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

გუდკოვი ერთ-ერთია იმ ათობით დამოუკიდებელ კანდიდატს შორის, რომლებსაც 2019 საარჩევნო კომისიამ არ მისცა მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი მოსკოვში, სადაც ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციების შედეგად პოლიციის მიერ დაკავებულ რამდენიმე კანდიდატს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გუდკოვმა მაშინ თითქმის ორმოცი დღე გაატარა პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG