Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტამდე უკრაინაში ჩავიდნენ


საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის დელეგაცია ჩავიდა კიევში, სადაც უკრაინის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დემოკრატი სენატორები ჯინ შაჰინი და კრისტოფერ მერფი და რესპუბლიკელი სენატორი რობერტ პორტმანი.

1 ივნისს, უკრაინაში ჩასვლისას სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათი მიზანია აშშ-ის პარტნიორებს აჩვენონ ორპარტიული მხარდაჭერისადმი ერთგულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხში. კიევში შეხვედრების შემდეგ ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძირითადი რეფორმების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე პარტნიორობისთვის და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

უკრაინაში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც ბელარუსის ოპოზიციის დევნილ ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ.

28 მაისს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ სენატორების დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ ამერიკელი სენატორების ვიზიტი 2-4 ივნისს შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG