Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს: პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს


ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე მიმდინარეობს. „გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა", - აცხადებს შსს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. სამინისტროს ცნობით, თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

გარდა ამისა, შსს-ს აცხადებს, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

„გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი", - აცხადებს შსს.

დღეს, 3 ივნისს, საპატრიარქომ შსს-ს მიმართა, რომ გაასაჯაროვოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები.

პანსიონატთან დაკავშირებით ოთხ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელმა ნინო ლომჯარიამ. მისი ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხ საქმეზე არის გამოძიება დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG