Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება საბჭოთა საქართველოში


ავტორი: გიორგი აბულაძე

წელს 30 წელი შესრულდება „ბოროტების იმპერიის“ (როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა რ. რეიგანმა უწოდა) დაცემიდან. სსრკ–ეს იყო ერთგვარი კონფედერაცია, რომელიც 15 მოკავშირე რესპუბლიკას აერთიანებდა. სსრკ-ის მმართველ პარტიას კომუნისტები წარმოადგენდნენ, რომლებიც ათეიზმსა და ანტი-კაპიტალიზმს უჭერდნენ მხარს. სსრკ 1922 წელს დაფუძნდა. არსებობის პირველი ნახევარი, რომელიც სტალინს უკავშირდება, სისხლიანი რეპრესიებით გამოირჩევა. 1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ძალაუფლებას ხელში ნიკიტა ხრუშჩოვი იგდებს და იწყებს ე.წ. „დათბობას“. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში კი ძალაუფლებაში მოდის ლეონიდრ ბრეჟნევი. მისი მმართველობის პერიოდი „უძრაობის ხანის“ სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში აღწევენ საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრების ყველაზე მაღალ ხარისხს. 1973-1985 წწ.-ში მსოფლიოში ნავთობის ფასი მაღალ ნიშნულზეა, რაც საბჭოთა ეკონომიკის წარმატებას უზრუნველყოფს. 1986 წელს, სსრკ-ის ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ (ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია) გამოაცხადა, რომელიც სოციალისტური ეკონომიკის უფრო ლიბერალიზაციას ისახავდა მიზანს. ამ გეგმამ ისედაც შერყეული სსრკ-ის ეკონომიკა კრიზისში შეიყვანა. 1987-1988 წწ. ძლიერდება ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობები და იწყება პერმანენტული პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში. პარალელურად მიმდინარეობს შიდადაპირისპირებები კომუნისტურ პარტიაში, რომლის კულმინაცია 1991 წლის აგვისტოს პუტჩი იყო, როდესაც რეაქციულმა კომუნისტებმა გორბაჩოვის დამხობა და სსრკ-ის შენარჩუნება მოინდომეს, პუტჩი დამარცხდა. 1991 წლის დეკემბერში სსრკ-მ თვითდაშლა გამოაცხადა.

როგორი იყო ცხოვრების დონე საბჭოთა საქართველოში?

საბჭოეთის დიდების პერიოდში საქართველოს სსრკ-ის მოსახლეობა 5 მლნ. ადამიანით განისაზღვრებოდა (1979 წ.). საშუალო ფენის მოქალაქის მედიანური თვიური ანაზღაურება დაახლოებით 120 მანეთი იყო. სავალდებულო მინიმალური თვიური ანაზღაურება 70 მანეთი. ასეთი ანაზღაურება ჰქონდათ მეეზოვეებს და დამლაგებლებს. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დასაქმებული იყო ქარხანა-ფაბრიკებსა და კოლმეურნეობებში. მრავალი ადამიანი ცხოვრობდა ე.წ. „კომუნალურ ბინებში“, რომლებიც ერთგვარ საერთო საცხოვრებლებს წარმოადგენდა. ასეთი ტიპის ბინების ქირა 20-30 მანეთი იყო. ახლად დაქორწინებულ წყვილებსა და გამოცდილ სპეციალისტებს გადასცემდნენ ბინებს, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში. სასკოლო განათლება საყოველთაო და უზრუნველყოფილი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ობიექტურად იწონებდა თავს საბჭოთა საქართველო. სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფართოდ იყო გავრცელებული ქრთამი. კორუფცია მეფობდა აბსოლუტურად ყველა სფეროში. საბჭოთა მოქალაქეებს ეკრძალებოდათ სოციალისტური ბლოკის წევრი ქვეყნების გარდა სხვაგან მოგზაურობა.

როგორი იყო ფასები საბჭოთა საქართველოში?

  • პური-0.30 კაპიკი.
  • ყველი-2 მანეთი (1 კგ.)
  • რძე-0.15 კაპიკი (0.5 ლ.)
  • ხორცი-3-5 მანეთი (1 კგ.)
  • კარტოფილი-0.10 კაპიკი (1 კგ.)
  • ლუდი-0.30 კაპიკი (0.5 ლ.)
  • ბენზინი-0.35 კაპიკი (1 ლ.)
  • მეტრო-0.05 კაპიკი
  • ტრამვაი-0.03 კაპიკი
  • ტაქსი-0.20 კაპიკი/1 კმ.
  • კომ. გადასახადები-დაახ. 10 მანეთი თვეში.

ასეთი იაფი იყო ყველაფერი, როგორც ეს ახლანდელი გადმოსახედიდან ერთი შეხედვით ჩანს?

არა, არ იყო. მართალია არ იყო ძვირი მაგრამ არც ისეთი იაფი იყო როგორც ეს შეიძლება დღეს ვინმეს წარმოუდგენია. ხშირად იხსენებენ „37 მანეთიან“ მოსკოვის ბილეთის ისტორიას, ეს იაფია?–როგორც ზემოთ აღვღნიშნე მედიანური ხელფასი 120 მანეთი იყო ანუ მოსკოვში გასაფრენად თქვენი ერთი თვის ხელფასის მესამედი დაგჭირდებოდათ. გარდა ზევით ხსენებულისა, უნდა აღნიშნოს ისიც, რომ ოფიციალური ფასების მიღმა (რომელსაც გეგმიური ეკონომიკური სისტემის მიხედვით, მთავრობა ადგენდა), ხშირი იყო არაოფიციალური ფასებით ვაჭრობა. მაგალითად 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 0.65 კაპიკი იყო, თუმცა „ბარიგებთან“ 3 მანეთად იყიდებოდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა მოსახლეობის 8% (ახლა 21%). უძრავი ქონების ყიდვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. 2 ოთახიანი ბინის შეძენა ქალაქში 5-6 ათასი მანეთი დაჯდებოდა, 3 ოთახიანისა 7-8.

რატომ მოსწონთ ქართველებს საბჭოთა კავშირი?

ვიტყოდი, რომ ქართველებს საბჭოთა კავშირი კი არა უბრალოდ კეთილდღეობა მოსწონთ. იმ ადამიანებს, რომელთათვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ყველა ცხოველისთვის საკვები და ფიზიკური არსებობაა, სსრკ მისაღებია (სამწუხაროდ ასეთია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი). ამ ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს სსრკ-ში იქნებიან თუ ევროკავშირში, ისინი არცერთი სისტემის იდეოლოგიას არ იზიარებენ, უბრალოდ კარგი ცხოვრებისაკენ მიისწრაფიან, რომლის გზაც კუჭზე გადის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმაზე უკეთესი პირობების შექმნა საკუთარი მოქალაქეებისთვის ვიდრე ეს დასავლეთ ევროპასთან შედარებით „მაჩანჩალა“ სსრკ-ში იყო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG