Accessibility links

site logo site logo

კობახიძის თქმით, ალტერნატიული მთავრობის შესახებ კიევიდან მიღებული ცნობა გახარიას არ გაანდეს


ირაკლი კობახიძე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს შორის დამთხვევაზე ილაპარაკა „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

როგორც ის ამბობს, გახარია მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით მოითხოვდა ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა. როგორც კობახიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, სწორედ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის ვერდაკავების საბაბით აპირებდა აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას.

„18 თებერვალს უკვე [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან. ჰქონდათ მათ გამზადებული სცენარი, ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე. ორი ათეული ადამიანით ხდებოდა ამის იმიტაცია (გვარები ჩვენთვის უცნობია)“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეკითხვაზე, ეს ინფორმაცია მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის ცნობილი იყო? კობახიძე პასუხობს: „მე არ ვიცი, პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თვითონ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას [გახარიას], 17 თებერვალს აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა. როგორც კი დამთხვევა დავაფიქსირეთ, გაჩნდა ეჭვი და აღარ გავანდეთ ეს ინფორმაცია. თანხვედრა როდესაც არის ასეთ დროს ეს ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს“.

დეპუტატი განაგრძობს: „ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ - იქიდან [„ნაციონალური მოძრაობიდან“] ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი [გიორგი გახარია], გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას“.

კობახიძის ვერსიით, შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში. „რაღაც უკრაინული სცენარი, რაც ჰქონდა თავის დროზე გათამაშებული სააკაშვილს, ხვდებიან აქტივისტები, შემოდის... ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი გახარიამ პარტია ორი დღის წინ, 29 მაისს, დააფუძნა. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG