Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე სპირიდონი ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანას „ფაშისტურ მეთოდს“ ადარებს


მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანა „ფაშისტურ მეთოდს“ შეადარა, თუმცა თქვა, რომ ბავშვებს დაწესებულების დატოვება არ უნდათ.

„მაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ეს არის რაღაც ისეთი მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავად სახსენებელი ფაშისტები“, - ამბობს სპირიდონი და ამატებს: „ამდენი სოც. მუშაკია შემოსული, დაეცდიათ მუშაობა. Ძალიან კარგი ხალხია. დაემთავრებინათ მუშაობა, დაედოთ დასკვნა… ბავშვები ცუდად ხდებიან, არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში“.

სპირიდონის თქმით, ის არ ეთანხმება სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბავშვებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პანსიონი იქ არსებული ძალადობის საფრთხის გამო. თუმცა, მისივე თქმით, ის იძულებულია დაემორჩილოს სასამართლოს.

„აქ ბავშვები ქრისტიანულად იზრდებიან. ეს არის ისეთი რეგიონი, სადაც აუცილებელია ქართული მენტალიტეტი გამრავლდეს... ებრძვიან ამას“.

სპირიდონი აცხადებს, რომ სწორედ მოიქცა, როცა სახალხო დამცველის აპარატი არ შეუშვა პანსიონში და ახლაც მიაჩნია, რომ „ასეთი ხალხი [ომბუდსმენი] არა მარტო პატარა ბავშვებთან, საერთოდ, ოჯახში არ არის შესაშვები. ეს ხალხი საქართველოში არ უნდა იყოს“.

„მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანობას სოდომურ ცოდვებს“, - ამბობს მეუფე სპირიდონი ქადაგებისას.

Მისივე მტკიცებით, პანსიონის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა.

სპირიდონმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს პანსიონის დახმარებისთვის.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონში.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან 11 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რომელთა შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა, იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს განჩინების აღსრულებას.

პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG