Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლოში იწყება მოსმენა 2014 წელს ჩამოგდებული Boeing 777-ის თაობაზე


2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში ჩამოგდებული Boeing 777-ის ნამსხვრევების რეკონსტრუქცია ნიდერლანდში.
2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში ჩამოგდებული Boeing 777-ის ნამსხვრევების რეკონსტრუქცია ნიდერლანდში.

ორშაბათს ჰააგის საოლქო სასამართლოში იწყება მოსმენა 2014 წლის 17 ივლისს „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის (რეისი MH-17) ჩამოგდების შესახებ. ლაინერი ასრულებდა რეისს ამსტერდამი - კუალა-ლუმპური. კატასტროფის შედეგად დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქეები იყო. კატასტროფის თაობაზე სასამართლო 2020 წლის 9 მარტს დაიწყო ამსტერდამში. ბრალდება წაუყენეს ოთხ ადამიანს, რომლებიც უკრაინელ სეპარატისტებთან არიან დაკავშირებული. სამი მათგანი რუსეთის მოქალაქეა, ერთი - უკრაინისა.

2014 წლის 17 ივლისს, ამსტერდამის სხიპოლის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ სამ საათზე უფრო ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, „მალაიზიის ავიარეისების“ Boeing 777 რაკეტა „ბუკით“ ჩამოადგეს.

ვინაიდან დაღუპულთა უმრავლესობა ნიდერლანდელი იყო, უკრაინამ ნიდერლანდს გადასცა გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება.

ნიდერლანდი დათანხმდა, წამყვანი როლი იკისროს ავიაკატასტროფის გამოძიებაში გაეროსთან და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ნიდერლანდის უშიშროების საბჭო და გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფი (JIT) მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე უარყოფს ავიაკატასტროფასთან კავშირს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ოფიციალური პირები საჯაროდ უარყოფენ გაერთიანებული საგამოძიებო ჯგუფის დასკვნებს.

2017 წლის ივლისში ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თუ დადგინდა რეის MH-17-ის კატასტროფაში დამნაშავეები, ისინი ნიდერლანდში გასამართლდებიან.

2019 წლის ოქტომბერში რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ბრალდებულთაგან სამი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე გასამართლდნენ. ნიდერლანდმა უარყო ეს წინადადება.

ოთხივე ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოში გამოცხადებაზე. ერთ-ერთი მათგანი, ოლეგ პულატოვი, დათანხმდა, ადვოკატების გზით ითანამშრომლოს სასამართლოსთან.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს „მიჰყვეს მთელს ჯაჭვს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დონემდე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG