Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბრიაძის ადამიანური ფიზიკა


გემახსოვრებათ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქვევრი“, რომლის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძეა. გემახსოვრებათ ამ ფილმის პერსონაჟების, მილიციელების, „ღრმა მეცნიერული მსჯელობა“ ქვევრში ადამიანის გაჭედვის კანონზომიერებისა თუ პარადოქსის შესახებ.

„ამოდენა ნახვრეტში თავი თუ გამოეტია, ტანი რატომ არ ეტევა?“ - იკითხავს მილიციის უფროსი.

„ეს ხომ წრეა? ლავუაზიეს კანონია!“ - უპასუხებს ხელქვეითი და კანონის ექსპერიმენტით დადასტურებას დააპირებს...

ცხადია, მსგავსი არაფერი ხდება პირანდელოს მოთხრობაში, რომლის მიხედვითაც დაიწერა „ქვევრის“ სცენარი. „ლავუაზიეს ეპიზოდი“ რეზო გაბრიაძის იმ ფიქრის ნაყოფია, რომელიც სულ მუდამ დასტრიალებდა მათემატიკისა და ფიზიკის კანონების წვდომის წყურვილს და რომელსაც ხაზგასმული დილეტანტიზმითა და დახვეწილი იუმორით იკლავდა ლამის ყველა სცენარსა თუ მოთხრობაში.

რეზო გაბრიაძის ესკიზი მხ. ფილმ "ქვევრისთვის"
რეზო გაბრიაძის ესკიზი მხ. ფილმ "ქვევრისთვის"

ცხადია, ლავუაზიეს (იგივე ნივთიერების შენახვის) კანონი არაფერ შუაშია არც ადამიანის თავისა და მხრების სიგანესთან და არც ქვევრის ყელის დიამეტრთან, თუმცა გაბრიაძის სამყაროში, სადაც მხოლოდ გაბრიაძის ფიზიკა მოქმედებს, ლავუაზიეს „უცნაურად ჩამოყალიბებული“ კანონი მაინც ძალაშია და ერთნაირად მოქმედებს როგორც ძვალმსხვილ მილიციელზე, ასევე ქვევრში გამომწყვდეულ გამხდარ აბესალომზე.

თუ გახსოვთ, „შერეკილებშიც“ გრავიტაციისა და აეროდინამიკის გაბრიაძისეული კანონები მოქმედებენ, კანონები, რომლებიც „ფიზიკისა და ლირიკის“ ერთგვარი ნაზავია და რომელშიც სიგრძე უდრის სიყვარულს, სიგანე - რწმენას, სიმაღლე - იმედს... გონებას კი აღვიძებს გრძნობა, გრძნობა პლუს-მინუს ემცე კვადრატ და ა.შ.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ თავიდან „შერეკილები“ ჩაფიქრებული იყო როგორც კომედია პირველ ქართველ მფრინავებზე, რეალურ ადამიანებზე. აი, რას ამბობდა თითქმის 50 წლის წინ თვითონ რეზო გაბრიაძე, როცა „შერეკილების“ სცენარზე მუშაობდა:

რეზო გაბრიაძე, 1972 წ.
რეზო გაბრიაძე, 1972 წ.

„ჯერ კიდევ „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობის დროს ელდარისგან [ელდარ შენგელაია] გავიგონე რამდენიმე ნამდვილი ამბავი ქართველ მფრინავებზე. ამ თემაზე შემდეგშიც ბევრი გვისაუბრია და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევუდექით მასზე მუშაობას. პირველმა ჩანაფიქრმა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასალებს გავეცანით არქივებში. ეს არის კინოკომედია, უფრო ყეენობას, ბერიკაობას ჰგავს. რადგან ამბავი არაჩვეულებრივია და არა რიგითი, ჩვენ შევეცადეთ ყველაფერი მოგვეთხრო დამაჯერებლად. არ ვიცი, რამდენად გამოგვივიდა“.

„შერეკილებს“ დამაჯერებლობა ნამდვილად არ აკლია და ეს მიუხედავად იმისა, რომ „პირველმა ჩანაფიქრმა“ დიდი ტრანსფორმაცია განიცადა გაბრიაძის სამყაროში, სადაც გრავიტაცია დაძლია აჩაჩა ურემზე დადგმულმა საარაყე ქვაბმა, რომელსაც ცაში სასიარულოდ ბორბლები ზევიდან ჰქონდა გაკეთებული და რომელშიც საწვავად გამოყენებული იყო, არც მეტი და არც ნაკლები, პირველი სიყვარული თავისი ცაში აფრენის უტყუარი უნარით.

რეზო გაბრიაძის სამყაროში უცნაური ფორმით იცვლებიან და განიმარტებიან ბუნების კანონები, რომლებიც, ავტორის წარმოსახვის წყალობით, მეტად „ადამიანური“ და ყველასთვის გასაგები ხდებიან.

გაბრიაძის ერთ-ერთ ბოლო მოთხრობაში, „ვორი პლიუსით თუ სამი მინუსით“, რომელიც 2019 წლით არის დათარიღებული, სკოლის მასწავლებელი დაფაზე დაწერს მსოფლიო მიზიდულობის კანონს და ბავშვებს მიმართავს:

„ყველამ ჩაიწეროს ეს ფორმულა და დაიმახსოვროს სიცოცხლის ბოლომდე! გახსოვდეთ! რომ ეს ღამე თქვენ საწოლში გეძინათ და არა ჭერზე! უმადლოდეთ ამ კანონს და არა მარტო თქვენს მშობლებს! რომლებიც თავისთავად ამ კანონის მადლიერები უნდა იყვნენ!“

რეზო გაბრიაძე, ილუსტრაცია "შერეკილებისთვის"
რეზო გაბრიაძე, ილუსტრაცია "შერეკილებისთვის"

რეზო გაბრიაძე ბედის მიერ ღვთაებრივი ნიჭით დაჯილდოებულებს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც ერკვევიან მათემატიკაში, ფიზიკაში, ბუნების აგებულებაში...

„მათემატიკა და ფიზიკა პოეზიის, ჭეშმატირების გაგებისა და ღრმა რწმენის სახეა. მათემატიკა და ფიზიკა მუსიკაა“, - ამბობს რეზო გაბრიაძე, რომელიც ერთნაირი აღფრთოვანებით წერს გლიცინიის სუნის მქონე, ზედმეტად ზრდილობიან ქუთაისურ ნიავსა და რენტგენის აპარატზე, რომელიც, ექიმ მიხეილ გედევანიშვილის ძალისხმევით, გამოგონებიდან ერთი წლის თავზე ჩამდგარა თბილისელთა სამსახურში, ყორღანოვის 20-ში, სადაც „რიგში იდგა ხალხი, ახველებდა და აცემინებდა, სისხლშემხმარი ჩვრებით იკაწრავდა ცხვირ-პირს...“

რეზო გაბრიაძის მოთხრობებში, სცენარებსა და სპექტაკლებში მეცნიერება და ბუნების ფუნდამენეტური კანონებიც ისეთივე მასალაა, როგორიც ადამიანის საქმიანობის ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც, როგორც წესი, მსუბუქად და, შეიძლება ითქვას, სასაცილოდაც კი წარმოჩნდება ხოლმე.

ისააკ ნიუტონი. მხ. რეზო გაბრიაძე
ისააკ ნიუტონი. მხ. რეზო გაბრიაძე

...სიცილთან დაკავშირებით გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, რამდენიმე კომედიური ფილმის სცენარის ავტორობის შემდეგ, საკავშირო პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თითქოს თავი იმართლა, როცა თქვა, არ მინდა იფიქროთ, რომ დავდივარ და სულ ვიცინი, ხშირად სიცილი საწინააღმდეგო აზრებიდან იბადებაო.

დღესაც ყველას უმალ ახსენდება როგორი სასაცილო (შერეკილი) მეცნიერები არიან ერთაოზი და ქრისტეფორე, მაგრამ ცოტა თუ ამჩნევს მეცნიერულად გადმოცემულ იმ სევდას, რომლითაც სრულდება გაბრიაძის გენიალური ქმნილება:

„მოიწყინა ქრისტეფორემ, მალიხულია სენი დაემართა, მელანქოლიის მსგავსი. ერთაოზს მალარიამ გაუხსენა. იწვა საწყალი ქვაბთან, კანკალებდა და ენთროპიის ზრდის კანონზე ფიქრობდა კასპის ჭილოფში გახვეული“.

ენთროპიის ზრდის კანონი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსის, სიკვდილის გარდაუვალობა, რასაც თერმოდინამიკის მეორე კანონთან აქვს პირდაპირი კავშირი და რასაც ვერავინ გაექცევა, ისევე როგორც ვერ გაექცნენ გაბრიაძის გმირები.

„S კი უდრის კონსტანტას“, - ჩუმად თქვა ერთაოზმა სიკვდილის წინ და თვალები აუცრემლდა.

რას შეიძლება აღნიშნავდეს S, რომელიც გაბრიაძის ფიზიკაში მუდმივაა?

Sიკვდილს?

იქნებ, Sიცოცხლეს?

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG