Accessibility links

site logo site logo

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია" საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან იწყებს


ხატია დეკანოიძე

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს წყვეტს ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“. ბლოკიდან არჩული დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე დღეს პირველად მივლენ.

უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამ ბლოკში გაერთიანდნენ „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“.

ბლოკს, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტისთვის ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებს მართავდა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლის გარშემოც დანარჩენი პარტიები იყვნენ გაერთიანებული, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლება, რაც ევროკავშირის და აშშ-ის შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უკვე შესული სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, დღემდე უარს ამბობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციისთვის შეთავაზებული შეთანხმების ხელმოწერაზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ამნისტიას ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG