Accessibility links

site logo site logo

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა: „იგივე პოზიცია მაქვს, რომ არჩევნები გაყალბდა“


თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა. ის ამბობს, რომ პოზიცია არ შეუცვლია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს კვლავ გაყალბებულად მიიჩნევს.

„მე ძალიან მყარად, ყოველთვის ვემხრობოდი ბოიკოტს, რომელიც ხელმომწერმა ჯგუფმა (რომელიც შევიდა, ჩემი აზრით, ნაადრევად) სრულიად შეცვალა პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც არ არის შესვლის შემდეგ - მრავალპარტიული გახდა. ახლა უკვე ოპონენტს, რომელსაც ჩვენ პრეტენზიებს ვუყენებთ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უფრო აწყობს ის, რომ მსხვილი პარტია აღარ იყოს პარლამენტში, პირიქით, უფრო კომფორტულია. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტულ ზონაში იქნებიან, მით უფრო კარგია ხალხისთვის“, - თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ თითოეულ ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

ჩარკვიანს 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ პოზიცია არ შეუცვლია. „იგივე პოზიცია მაქვს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - თქვა მან.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, არ აპირებს „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერას. „მანდატი ამომრჩეველმა ჩვენ „შარლ მიშელის დოკუმენტით ხო არ მოგვანიჭა?!“ - თქვა ჩარკვიანმა და დაამატა, - „მე იმიტომ მომწონს დასავლეთი, რომ მბრძანებლები არ გვყავს. მე მიმაჩნია, რომ ხელმომწერებს დაზარალებულებთან კონსულტაციები უნდა გაევლოთ“.

8 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG