Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ავრცელებენ ხმებს რომ ჩვენ ვართ „ოცნება 2“


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება „TV პირველის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მმართველი ძალის დღევანდელ ხელმძღვანელობას მის პარტიასთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური და არც მორალური. „სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა“, - აღნიშნა მან და დააზუსტა, რომ ის გულისხმობს პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას და არა ბიძინა ივანიშვილს.

გახარიამ დაამატა, რომ მმართველი პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაშიო იბრძვიან ქვეყნის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ამინდს ვინც ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ის, რამაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა მსგავსი მძაფრი განცხადებები გაკეთებულიყო“, - თქვა მან.

გახარიას თქმით, ივანიშვილის განცხადების ტონალობა იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. „რა არის ახლა ამ განცხადებაში, მასში არის ორი საკითხი - გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის და გიორგი გახარია არის მოღალატე. ძალზედ ფსიქოლოგიურად სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე. გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, რომ ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ „ოცნება 2“, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ჩვეულებრივი ტყუილია. ამასთან ერთად მორალურად ჩაფენილია, რომ გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალიდა ბელეტრისტიკა.

პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდგომ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო „გაპრავებულად“ დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს ინტერესების მსახურება“, - განაცხადა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია "ქართული ოცნების" "სატელიტი" პარტია არ არის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს. ამ შინაარსის განცხადება მისი სახელით ფონდმა "ქართუმ" გაავრცელა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG