ამერიკის საელჩოს წინ დაბანაკებულმა შუქრუთის მაცხოვრებლებმა, 30-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს და საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ისინი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
„რაღაც დათმობებზე წავედით ჩვენც, რაღაც დათმობებზე წავიდა კომპანიაც. ზარალი შეფასებული იქნება, დეტალების დადგენა ახლა ხდება. კმაყოფილებას რაც შეეხება, აბა, როგორ უნდა იყო კმაყოფილი, როცა ასე [პროტესტის] უკიდურესი ფორმით მოგიწევს მაგის მიღწევა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროტესტის მონაწილემ, ჯანო ლაბაძემ.
ის ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეები და კომპანია უფრო ვრცელ განცხადებას 10 ივნისს, დილით გააკეთებენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის პროტესტი თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან თერთმეტი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი ითხოვდნენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად მათი დაზიანებული საცხოვრებელი სახლების ზიანის შეფასებას სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართულობით. მოშიმშილეების ნაწილმა, ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.