Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან” - რატომ ვართ წითელ ზონაში


თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან - წაიკითხავთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის საიტზე. ეს რეკომენდაცია მაისის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ეფუძნება.

საქართველო CDC-ის წითელ ზონაში
საქართველო CDC-ის წითელ ზონაში

„საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ორჯერ ვაქცინირებულებიც კი შეიძლება დაინფიცირდნენ ან გაავრცელონ COVID-19-ის სხვადასხვა ვარიანტი“, - ამბობს CDC.

ცვლის თუ არა ეს ჩანაწერი რამეს ტურისტებისთვის და მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ეკონომიკურ შემოსავლებზე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკიდან შემოსული ტურისტების წილი არ არის მაღალი, ეკონომისტი ქეთევან კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ CDC-ის ეს შეფასება არასტაბილურობის განცდას აჩენს, მათ შორის ევროპაშიც:

„ტურიზმის გარდა, ეს არის სიგნალი ბიზნესისთვისაც და ინვესტორებისთვისაც, რომ არასტაბილური მდგომარეობაა მათთვის“.

რაც უკვე ცნობილია, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 85 %-ით ნაკლებია პანდემიამდელ პერიოდში მიღებულ შემოსავლებზე.

2020 წელს, შარშანდელთან შედარებით, 81,3 %-ით ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს.

პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე

„ის, რომ ინდოეთზე რთული ვითარება გვაქვს ქვეყანაში, თქვენ რომ იცით, გგონიათ, ამერიკელებს [ამ ინფორმაცის] არ ვუგზავნით?“ - ამბობს ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე და დასძენს, რომ საქართველოსთან ერთად ჯგუფში შვედეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც მოხვდნენ.

„სხვა რამეში თუ გვინდა, რომ დავემსგავსოთ და მოვხვდეთ ერთ სიაში, მაშინ ნიღაბი უნდა გაიკეთოს ადამიანმა და 300-კაციანი ქელეხი რომ იყო, იქ არ უნდა წავიდეთ“, - აცხადებს იმნაძე.

ქეთევან კრიალაშვილის თქმით, შვედეთის ეკონომიკური ვითარება და საქართველოსი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულია და ერთნაირი ეპიდსიტუაცია ილუსტრაციაა იმისა, რომ შეზღუდვებმა არ იმუშავა.

„შვედეთს სხვა პოლიტიკა ჰქონდა, არ ჩაუკეტავს ეკონომიკა და ვხედავთ, რომ ერთი და იგივე შედეგი დადო უმკაცრესმა ზომებმაც და თითქმის შეუზღუდაობამაც. ასეთი შეზღუდვები არ იყო ეფექტიანი და ვერ უზრუნველყო ის, რა მიზანსაც ემსახურებოდა. მათ ეკონომიკა არ დააზიანეს და ჩვენ ეკონომიკა გავანადგურეთ“, - განმარტავს ეკონომისტი.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს 4,3% ზრდას უნდა მიაღწიოს ძირითადად ტურიზმის ხარჯზე. ტურისტების მოსაზიდად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში „ინფლუენსერები“ ჩამოიყვანეს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მათ სხვადასხვა კუთხე დაათვალიერებინეს. რამდენად სწორად იხარჯება თანხები ამ სფეროში და რამდენად სწორია აქცენტი ტურიზმზე, როდესაც საქართველო პანდემიის გამო ტურისტულად არარეკომენდებული ქვეყნების სიაშია? - ეს კითხვა ქეთევან კრიალაშვილს დავუსვით.

ეკონომისტი - ქეთევან კრიალაშვილი
ეკონომისტი - ქეთევან კრიალაშვილი

„წითელი ზონა ერთი წლით ხომ არ არის. საჭიროა ვითარების გამოსწორება, რომ ეს მონაცემი შეიცვალოს და იყოს ქვეყანა ვიზიტორებისთვის მისაღები. მაგრამ თანხები, მართლაც, არასწორად იხარჯება.

2020 წელს მერიამ 140 000-ზე მეტი ლარი დახარჯა თბილისში შემომყვანი ტურიზმის ხელშეწყობისთვის, მაშინ როცა ქვეყანა იყო ჩაკეტილი. ახლაც მსგავსი სიტუაციაა. ბლოგერები, „ინფლუენსერები“ კარგია, მაგრამ ეპატიჟები ისე, რომ არ უქმნი შესაბამის პირობებს. არარეკომენდებული ქვეყანა ხარ, აცრების რიცხვი დაბალი გაქვს ქვეყანაში, რაც უნდობლობას იწვევს, და კიდევ 11 საათის შემდეგ სახლში უნდა ისხდნენ“.

ქეთევანის აზრით, ქვეყანამ იმისთვის, რომ ტურისტულად მიმზიდველი გახდეს, ვაქცინაციის ტემპი უნდა გაზარდოს და გახადოს პროცესი გამჭვირვალე: როდის რომელი ვაქცინა ჩამოვა და რამდენი ადამიანის აცრა იქნება შესაძლებელი.

„ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არამედ უცხოეთში მყოფი ტურისტისთვისაც, რომ მეტი სანდოობა გაუჩნდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ისრაელის მაგალითი რომ ავიღოთ, ქვეყანამ კონკრეტულად ჩამოაყალიბა, როდის რა ვადებში აცრიდა მოსახლეობის უმეტესობას და რა შეზღუდვებს მოხსნიდა. თქვეს და ასეც მოხდა, ჩვენთან კი ისეთი ვითარებაა, რომ ხვალ არ ვიცით, რა მოხდება“.

ქეთევანი ფიქრობს, რომ ეკონომიკური სფეროს განვითარებისთვის საჭიროა, ტურიზმის გარდა, ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების მეშვეობით ისეთი ეკონომიკური გარემოს შექმნა, რომ ბიზნესები აღდგეს და საქმიანობა გაგრძელდეს.

„ბიზნესის გაცოცხლება გვინდა. როდესაც ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა შარშან პრემიერმა, შეღავათები გაიცა და ეს პერიოდი გავიდა. დღეს შეღავათების გარეშე, შეზღუდვების ფონზე მიდის პროცესები, რომელიც მოქმედებს ბიზნესზე. რატომ აღარ გრძელდება? დავასრულეთ კრიზისი?“

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ფაქტობრივად, ასეა.

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით განვაცხადოთ, რომ ეკონომიკურად ჩვენ გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში. აპრილში ეკონომიკის აქტივობამ გადაასწრო 2019 წლის დონეს“, - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აპრილში ქვეყანამ მიიღო 44.8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხო ეკონომიკის ყველა სექტორს.

გააგრძელებს თუ არა ქვეყანა საშეღავათო პოლიტიკას, უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ კორონავირუსის პანდემია საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მილიარდი ლარი დაუჯდა.

პაატა იმნაძის განცხადებით, „ივნისის პერიოდში მცირედით მოიკლებს მაჩვენებელი, მაგრამ თუ არ მოვეშვებით ქელეხებს, კიდევ დიდი ხანი არ შეიცვლება ვითარება“.

ამ ეტაპზე საქართველოში 5000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა, ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა კი შედარებით იკლო. 11 ივნისის მონაცემებით, 695 შემთხვევა დაფიქსირდა.

თუკი ეპიდემიოლოგის პროგნოზს დავეყრდნობით, უეცარი გაუმჯობესება და მსოფლიო რუკაზე ფერისცვალება არც ისე ახლო პერსპექტივაა. რას გეგმავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ვიზიტორებისთვს ქვეყანა?

გეგმავენ თუ არა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სტრატეგიის შეცვლას ან პანდემიით გამოწვეული დანაკარგების აღდგენაში ბიზნესის დახმარებას, არ ვიცით. კითხვებზე პასუხი უწყებებისგან რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG