Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი პრესკონფერენციას მარტო გამართავს


თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, "სოლო პრეს-კონფერენციას" ჩაატარებს მომავალი კვირის ჟენევის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, რაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ნიშანია.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ გავრცელებულა, განაცხადა, რომ მხოლოდ ბაიდენის გამოჩენა "სათანადო ფორმატს წარმოადგენს იმისთვის, რომ ცხადი კომუნიკაცია შედგეს თავისუფალ პრესასთან იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც შეხვედრაზე წამოიჭრა - როგორც იმ სფეროების შესახებ, რომლებშიც ჩვენ შესაძლოა, ვთანხმდებით, ისევე იმ სფეროების შესახებაც, რომლებიც ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს". ამის თაობაზე იტყობინება Reuters-ი.

"მარტო გამოსვლის" ტაქტიკა ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სურვილს, დაუპირისპირდეს კრემლის პოზიციებს და თავი აარიდოს წარმოდგენას, რომ ზედმეტად კომფორტულად გამოიყურება რუსეთის ხელმძღვანელთან ერთად, რომელზეც ბაიდენმა თქვა, რომ ის არის "მკვლელი", რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას და მუდმივად აჩუმებს თავის კრიტიკოსებს საკუთარ ქვეყანაში.

ეს ასევე მკვეთრად კონტრასტულია იმ სცენასთან შედარებით, როცა პუტინი ბაიდენის წინამორბედს, დონალდ ტრამპს, შეხვდა ჰელსინკიში 2018 წელს.

მოსკოვის გამოწვევის ფონზე მის ქმედებებთან დაკავშირებით უკრაინაში, არჩევნებში მის სავარაუდო ჩარევასა და რუსეთიდან მომავალ კიბერ-თავდასხმებზე, ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს "სტაბილური და პროგნოზირებადი" ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას, ითანამშრომლონ საერთო საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა, შეიარაღებაზე კონტროლი და კლიმატის ცვლილება.

NBC-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 11 ივნისს გადაიცა, პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობა "უკანასკნელ წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG