ლონდონში ჩინეთის საელჩომ დაგმო „დიდი შვიდეულის“ ერთობლივი განცხადება, როგორც მის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. მან ჯგუფის ქვეყნებს „პოლიტიკურ მანიპულაციაში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც „შვიდეულმა“ პეკინი გააკრიტიკა სინიანსა და ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.
ჩინეთი მზარდ საერთაშორისო კრიტიკას აწყდება სინიანში წარმოებული პოლიტიკის გამო. აშშ ტერმინ „გენოციდს“ იყენებს იქაური უიღურებისა და სხვა უმცირესობების, ძირითადად მუსლიმების, მიმართ დარღვევების აღსაწერად.
„ჩვენ წინ წავწევთ ჩვენს ღირებულებებს, მათ შორის ჩინეთისთვის მოწოდებებით, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით სინიანში, და უფლებებს, თავისუფლებებსა და მაღალი ხარისხის ავტონომიას ჰონგ-კონგისთვის, რაც ჩაწერილია ჩინეთ-ბრიტანეთის ერთობლივ დეკლარაციაში“, ნათქვამია ასევე „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა ერთობლივ დეკლარაციაში.
„დიდმა შვიდეულმა“ მეტი უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ხელის შესაწყობად, ნაცვლად იმისა, რომ ხელოვნურად წარმოქმნას კონფრონტაცია და დაპირისპირება, განაცხადა ჩინეთის საელჩომ 14 ივნისს, მას შემდეგ, რაც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მკაცრად გააკრიტიკეს ჩინეთი უმცირესობების მიმართ კანონდარღვევებისთვის.