Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება


მოთმინების ფიალა აივსო. ცხინვალის ციხის პატიმარ ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. მათ ამის შესახებ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო შეხვედრის გამართვამდე ერთი დღით ადრე განაცხადეს. ზაზა გახელაძის მშობლები და ცოლი აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოტყუებულები დარჩნენ და ზაზას გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. თვეზე ცოტა მეტი გავიდა, რაც გახელაძეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა და პრობლემის სწრაფად მოგვარებას შეჰპირდა, თუმცა ამის შემდეგ ხელისუფლებისგან ახალი ამბავი აღარ გაუგიათ. ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ სახლში ვეღარ გაჩერდებიან და საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

რამდენიმე დღის წინ გახელაძეებმა შეიტყვეს, რომ საქართველოს მედიაციითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით აზერბაიჯანმა სომხეთის ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეები გაათავისუფლა. ზაზას ცოლისთვის გაუგებარია, მსგავსი აქტივობა მისი ქმრის გასათავისუფლებლად რატომ არ მიმდინარეობს. ირმა ბუთხუზის თქმით, 23 ივნისს, ზაზას დაბადების დღეს, ქუჩაში გავლენ, თუ მანამდე ის არ გათავისუფლდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქამდე გახელაძეებს ხშირად ურეკავდნენ და აიმედებდნენ, სოფელშიც ხშირად ჩადიოდნენ, ბოლო დროს კი ზარებიც შეწყდა და ვიზიტებიც. მალე ერთი წელი გახდება, რაც ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ზის. ზაზას მამა, მიხეილ გახელაძე, ამბობს, რომ 23 ივნისის შემდეგ საპროტესტო აქციებზე მათთან ერთად მთელი სოფელი გამოვა.

უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს - ეს სიტყვები ცხინვალის ციხის პატიმრის ოჯახს არაერთხელ მოუსმენია. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი ისევ იმავე ფრაზებს იმეორებს, მაგრამ ოჯახი, 346 დღეა, კონკრეტულ შედეგს ითხოვს.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე. წ. საზღვრის ვითომდა დარღვევისთვის უკანონოდ დააკავეს მოგვიანებით მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ქვემო ჭალის გარშემო 7 სოფელია. შვიდივე სოფლის მოსახლეობა მათ სოლიდარობას უცხადებს და საპროტესტო აქციაზე გამოსასვლელად მზადყოფნას გამოთქვამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG