Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობის თქმით, "მართალი იქნება", პანსიონში მყოფ დასტრესილ ბავშვებს "არვინ მიაკაროს"


​ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი მმართველი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "მართალი იქნება", თუ პანსიონში მყოფ დასტრესილ ბავშვებს არავის მიაკარებს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, შეუშვებდა თუ არა ის მაინც სახალხო დამცველს პანსიონში.

"ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და ახლა შემოვიდნენ და კითხვები დაუსვან, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხიც არიან და ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს... ჯერ თბილისში შევხვდეთ, ცივილურად დავილაპარაკოთ. სანამ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, არავინ მივაკარო... დალაგება მინდა სიტუაციის, ამიტომ ვარ აქ", - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

დღეს პანსიონში შესვლის სურვილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გამოთქვა.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG