Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე


ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორზე. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამშაბათს, პალესტინელებმა ღაზიდან ისრაელისკენ გაუშვეს აალებადი სითხით სავსე საჰაერო ბურთები, რამაც ხანძრები გამოიწვია, ამ ქმედების საპასუხოდ კი, ისრაელის არმიის ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები.

ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, ღაზის სექტორთან საზღვარზე 20-მდე ხანძარი გაჩნდა.

რამდენიმე საათით ადრე, იერუსალიმის ძველ ნაწილში, ისრაელის დროშებით მსვლელობა გამართეს ნაციონალისტებმა. მათი და ადგილობრივი პალესტინელების შეტაკების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ მსვლელობა სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა.

21 მაისიდან ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მოქმედებს საზავო შეთანხმება, რომელმაც 11-დღიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაასრულა.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" შეიარაღებული კონფლიქტი 10 მაისს განახლდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლების შესახებ, მოჰყვა საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა. „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ იერუსალიმს დაიცავს და ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო შეტევა მოჰყვა. ათი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG