Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: არ არის აუცილებელი ერთმანეთის სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ


USA-RUSSIA/SUMMIT
USA-RUSSIA/SUMMIT

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს შეახსენა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, მან პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას თვალებში ჩახედა და „შიგ სული ვერ დაინახა“. ჟურნალისტი შეეკითხა პუტინს, ამ შეხვედრისას მასზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ბაიდენმა, შეძლებს თუ არა მასთან თანამშრომლობას და მიიწვია თუ არა ბაიდენმა ის თეთრ სახლში.

პუტინმა პასუხად თქვა, რომ „სულის“ შესახებ შენიშვნა არ ახსოვს. ბაიდენს მან „კონსტრუქციული, გაწონასწორებული და გამოცდილი“ პოლიტიკოსი უწოდა და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ის არ მიუწვევია და არც თვითონ გაუკეთებია ეს თავის მხრივ.

„მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ. ჩვენ ჩვენი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ და ეს ურთიერთობები ყოველთვის პრაგმატიზმზეა დამყარებული,“ განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.

სამიტი ჩატარდა პერიოდში, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.

XS
SM
MD
LG