Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაქცინირებული ინფიცირებულები“ - კონტექსტიდან ამოგლეჯილი ანტივაქსერული საფრთხე


კოვიდ-ვაქცინირებულების მატებასთან ერთად, ნელ-ნელა იმატებს ინფორმაცია ვაქცინირებული ადამიანების კოვიდით დაავადების და მათ შორის, კლინიკებში გადაყვანის შესახებ. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ინფორმაციით, 40 წლამდე პაციენტი, რომელმაც მეორე დოზა „სინოფარმი“ 31 მაისს გაიკეთა, რამდენიმე დღის წინ, ვირუსის გართულებული ფორმით, კლინიკაში აღმოჩნდა.

„რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც დავინფიცირდები და საავადმყოფოში აღმოვჩნდები?“ - ამ შინაარსის გზავნილი შეიძლება ჩამოყალიბდეს ანტივაქსერული კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საზრდოდ, რომელიც ეყრდნობა იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოცდილებას, რომელიც ე.წ. „ვაქცინირებული ინფიცირებულების“ შესახებ სოციალურ ქსელებში ქვეყნდება და ხშირად არ ახლავს სრული კონტექსტი, რომელიც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია საერთო სურათისა და ვაქცინაციის სარგებლის აღსაქმელად.

ამ კონტექსტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი კი ისაა, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად მხოლოდ ვაქცინის ორი დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ითვლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირებისგან 100%-იან დაცვას დღეს ავტორიზირებული არცერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს, თუმცა, ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანები მაქსიმალურად არიან დაცულნი დაავადების გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და შესაბამისად, ვირუსით გარდაცვალებისგან.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაქცინაციის პირველი დოზიდან ორი კვირის განმავლობაში, ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ სრულიად დაუცველია, ანუ ორგანიზმი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავებას, აცრის პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

შესაბამისად, თუკი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში ადამიანი კოვიდით დაინფიცირდება და კლინიკაში მოხვდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია არ მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინას ჯერჯერობით, „მუშაობა არ დაუწყია“, რადგან აცრიდან მცირე დროა გასული და ვერ მოესწრო შესაბამისი იმუნიტეტის გამომუშავება.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ უიშვიათეს შემთხვევაში, ვაქცინირებული და შესაძლოა, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი მართლაც აღმოჩნდეს კლინიკაში კოვიდის გართულებული ფორმით. თუმცა, ამ ტიპის შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც მეცნიერებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ვაქცინაცია მუშაობს“.

ამის საილუსტრაციოდ, შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) უახლესი, მაისის მიწურულის მონაცემები, რომლის თანახმადაც, აშშ-ში, ორჯერადად აცრილი 101 მილიონი ადამიანიდან, კოვიდი დაუდასტურდა 10 262 ადამიანს. ანუ, აცრილი ადამიანების მხოლოდ 0,01% -ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინირებულთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი „წარმოუდგენლად დაბალია“. ემორის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორის კარლოს დელ რიოს თქმით, „ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია ნამდვილად მუშაობს“.

10 262 დადასტურებული შემთხვევიდან, 27%-ში ავადობამ სიმპტომების გარეშე ჩაიარა. დაახლოებით 10%, ანუ 995 ინფიცირებული კლინიკაში გადაიყვანეს, 2% - 160 ადამიანი კი გარდაიცვალა. CDC-ს მონაცემებით, გარდაცვლილთა შემთვევაში, ყოველი მეხუთე გარდაიცვალა არა კოვიდის, არამედ „სხვა მიზეზის“ გამო.

შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია სამი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მაღალეფექტური ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია „პფაიზერი“, „მოდერნა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“. თუმცა, ისევ და ისევ უნდა გავიხსენოთ, რომ დღეს, მსოფლიოში ავტორიზირებული არცერთი ვაქცინა, ადამიანს ინფიცირებისაგან 100%-ით არ იცავს.

ასე მაგალითად, ამერიკულ-გერმანული წარმოების „პფაიზერი“, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან მეორე დოზამდე, აჩვენებს 52,4%-იან დაცვას სიმპტომური დაავადებისგან. თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან კვლევის პერიოდში მოექცა ვაქცინის პირველი დოზის შემდგომ 11-დღიანი მონაკვეთი, როდესაც ჯერ ანტისხეულებს გამომუშავება არ აქვთ დაწყებული. ამიტომ აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის (FDA) თანახმად, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 84,5%-საც კი აღწევდეს. სრულად, ორი დოზით ვაქცინაციის შემდეგ, „პფაიზერის“ ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში „პფაიზერის“ მხოლოდ 29 250 დოზა ვაქცინაა შემოსული. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების განცხადებითა და კომპანია „პფაიზერის“ დასტურის თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში მილიონი დოზა „პფაიზერის“ შემოტანის შესახებ. თუმცა, ვაქცინის შემოტანის თარიღს არც კომპანია აკონკრეტებს და არც ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია.

რაც შეეხება, ბრიტანულ-შვედურ „ასტრაზენეკას“, პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინის ეფექტიანობა აღწევს დაახლოებით 67%-ს. უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, რომელიც ინგლისის საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ (PHE) 20 მაისს გამოაქვეყნა, „ასტრაზენეკას“ ორივე დოზის მიღების შემდეგ, მისი ეფექტიანობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 85-90%-ია. ამ დრომდე, ცნობილი იყო, რომ „ასტრაზენეკას“ ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ, სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 79%-ს უტოლდებოდა.

საქართველოში 13 მარტიდან დღემდე, „ასტრაზენეკას“ 86 200 დოზა ვაქცინაა შემოტანილი. ამ ვაქცინით აცრა მხოლოდ 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. 22 ივნისისთვის საქართველო დამატებით მიიღებს 43 000 დოზა „ასტრაზენეკას“.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ეფექტიანობა ორი დოზის გაკეთებიდან 2 კვირაში 79%-ს შეადგენს. რაც შეეხება ერთი დოზის შემდეგ მის ეფექტიანობას, ზუსტი მაჩვენებელი ამ მონაცემთან დაკავშირებით, არ გამოქვეყნებულა. საქართველოში ამ დრომდე 100 000 დოზა „სინოფარმია“ შემოსული. ამ ვაქცინაზე რეგისტრაცია უკვე შეწყვეტილია. ივნისის მიწურულს, ხელისუფლების დაპირებით, ქვეყანა ნახევარ მილიონ „სინოფარმს“ ელოდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ვაქცინას, ასევე ჩინური წარმოების „სინოვაკს“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მტკიცებით, რომელიც გამოკვლევებს ეყრდნობა, ვაქცინა 51%-ით ამცირებს სიმპტომური დაავადების რისკს, 100%-ით მძიმე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 100 000 დოზა „სინოვაკია“ შემოსული.

26 მაისის მონაცემებით, საქართველოში ე.წ. „ვაქცინირებული ინფიცირებულების“ რაოდენობა დაახლოებით 350 იყო. როგორც მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი იყო და ისინი მკურნალობას ძირითადად სახლში გადიოდნენ. რამდენიმე პაციენტს რადიო თავისუფლებაც ელაპარაკა და ისინი ამბობდნენ, რომ ვირუსმა მსუბუქ ფორმებში ჩაიარა.

ცხადია, რადიო თავისუფლება დაინტერესდა უახლესი სტატისტიკითაც. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, მშრალი სტატისტიკა შესაძლოა, ინფორმაციის ინტერპრეტირების საშუალებად იქცეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვთხოვეთ „ვაქცინირებული ინფიცირებულების“ სტატისტიკის ანალიზი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ წერილობით გვიპასუხა, რომ "ინფორმაცია მუშავდება და მალე გამოქვეყნდება". რაც შეეხება კითხვას, ხომ არ დაფიქსირებულა საქართველოში ე.წ. ვაქცინირებული კოვიდ-პაციენტის გარდაცვალების ფაქტი, ის გვპასუხობს: „პირველი აცრიდან რამდენიმე დღეში რომ დაემართება, აცრილს არ ნიშნავს“.

18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში ჩატარებულია 221 156 აცრა. მათგან სრულად, ანუ ორჯერადად, აცრილია 74 495 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG