Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანმა "ფოლადის რევოლუცია" უწოდა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას


სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგების საფუძველზე განაცხადა, რომ ხალხმა მას და მის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ მისცა ქვეყნის მართვის მანდატი.

ფაშინიანმა არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას უწოდა „ფოლადის რევოლუცია“, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანა უფრო მკაცრი მეთოდებით მართოს და „კანონის დიქტატურა“ დაამყაროს. ნიკოლ ფაშინიანის თანახმად, უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან, რათა გაეცნოს მათ მოსაზრებებს პოლიტიკური ცხოვრების და საზოგადოებრივი პოტენციალის კონსოლიდაციის შესახებ. ფაშინიანმა მთავარ მიზნად დაასახელა ეროვნული ერთიანობის და თანხმობის მიღწევა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს "სამოქალაქო შეთანხმების" მთავარი მეტოქე, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „ჰაიასტანი“(სომხეთი). მისი შეფასებით, შედეგები ნდობას არ იწვევს და ეწინააღმდეგება ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბოლო 8 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს და საღ აზრს. ქოჩარიანის ბლოკში აცხადებენ, რომ არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ასეულობით შეტყობინებამ დარღვევების შესახებ, რაც ადასტურებს წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ გაყალბებას. „ჰაიასტანის“ თანახმად, სანამ ყველა სადავო საკითხი არ გაირკვევა და ეჭვები არ გაქარწყლდება, ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

ბიულეტენების 80%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმების 55.3% აქვს, რობერტ ქოჩარიანის ბლოკ „ჰაიასტანს“ კი, 20.3%.

ხმების 5.2%-ით მესამე ადგილზეა ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციური ბლოკი, რომელიც ჯერჯერობით ვერ ლახავს ბლოკებისთვის დადგენილ 7%-იან ბარიერს.

პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ჯერჯერობით არ გადაულახავს არცერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „აყვავებულ სომხეთს“.

20 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა 49.4% იყო. კენჭისყრის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები და დამკვირვებლები ამომრჩევლების მოსყიდვის, ზეწოლის და საარჩევნო უბნებზე პროცედურული დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა.

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. ოპონენტები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ კაპიტულაციასა და სახელმწიფოს ინტერესების ღალატში და მის გადადგმას მოითხოვდნენ 2020 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის და იქ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

2021 წლის მარტში, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG