Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მთავრობამ კომისია შექმნა დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად


საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული მავთულხლართები სოფელ ხურვალეთში

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა შექმნა სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია. კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათი ამბიცია და მიზანია შეიქმნას საერთო-ეროვნული პროცესი და შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

ზალკალიანის თანახმად, ყოვლისმომცველ და საპასუხისმგებლო პროცესში ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი და კონსულტაცია და ერთობლივად შემუშავდება დეოკუპაციის და სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების სახელმწიფოებრივი ხედვა:

„იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უმწვავესი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა და ქვეყანა ახალი ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, აუცილებელია, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიული და კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და სწორედ ამ დეოკუპაციის სტრატეგიაში იქნება გაწერილი ყველა ეს ძირითადი მიმართულება“.

რაც შეეხება განსხვავებას უკვე არსებულ სტრატეგიასთან, ზალკალიანის თქმით, საგარეო პოლიტიკის სამწლიან სტრატეგიაში დეოკუპაცია ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და სამოქმედო გეგმაც დამტკიცებულია, თუმცა, ახლად შექმნილი კომისიის მიერ გაცილებით ინკლუზიური პროცესის შედეგად შექმნილ სტრატეგიას ექნება ლეგიტიმაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ახალი სტრატეგიის დეოკუპაციის ნაწილში გაიწერება ყველა ძირითადი მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის ფორმატთან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების განმტკიცებასთან, დევნილთა დაბრუნებასთან, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დეესკალაციასა და რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების შესრულებასთან.

ზალკალიანის განმარტებით, მეორე მიმართულება იქნება ჩართულობა, რომელზეც ცალკე სამთავრობო კომისია უკვე მუშაობს, მაგრამ ახალი კომისია ამ მცდელობებს გააერთიანებს და განმტკიცებული იქნება საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარება, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი მიმოსვლის, განათლების და სხვა შესაძლებლობების შეთავაზება.

საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შეძლებს ახალ სტრატეგიაში ასახული ძირითადი მიმართულებების პრაქტიკულად განხორციელებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG