Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ღია სივრცეში პირბადეზე: ჯერ უნდა გავიჭირვოთ


ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის გაუქმებას დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

მისი განმარტებით, საქართველოში არსებული არამდგრადი ეპიდსიტუაცია, არსებული წესის შეცვლის საშუალებას არ იძლევა.

"ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი, ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, ბოლო 7 დღე სტაბილურია. ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი ბევრად ჯობია მაისის და აპრილის ბოლოს მაჩვენებლებს.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება პირბადეს, მოგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის ყოველდღიურად 300-500-700 შემთხვევა არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ. დანარჩენზე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას და იქნება მსჯელობა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გადაადგილების შეზღუდვის საკითხზე, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

„საკოორდინაცო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე, დიდი ალბათობით, ამ საკითხზეც ხვალ იქნება მსჯელობა“.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 11 059 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 260 შემთხვევა.

XS
SM
MD
LG