Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები გადაიდო, მონაწილეები საკონსულტაციოდ შინ წავიდნენ


ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები 20 ივნისს გადაიდო და მისი მონაწილეები, ყველა მხარე, შინ გაეშურა თავიანთ მთავრობებთან საკონსულტაციოდ. სანამ დაიშლებოდნენ, მათ განაცხადეს, რომ მიღწეულია შემდგომი წინსვლა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მხრივ და ახლა დაინტერესებულმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მოლაპარაკებაზე, ენრიკე მორამ განაცხადა, რომ მოლაპარაკება განახლდება და დასძინა, რომ მიაღწიეს წინსვლას ტექნიკურ საკითხებში. მორას თანახმად, შემდგომი შეკრების დროს მონაწილეებს უკეთესი წარმოდგენა ექნებათ, როგორ მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას.

რუსეთის წარმომადგენლის, მიხაილ ულიანოვის თქმით, მონაწილეები დაახლოებით ათ დღეში დაბრუნდებიან და მოლაპარაკებებს დაასრულებენ მომავალ თვეში.

ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის დიპლომატები, ამ ჯგუფს E3-ს უწოდებენ ხოლმე, გამოვიდნენ მოწოდებით, დროულად იქნეს მიღებული შეთანხმება, რადგან ვადა სწრაფად ახლოვდება.

მოლაპარაკება ვენაში ნაწილია აპრილის შემდეგ მიმდინარე შეხვედრების ბოლო რაუნდისა, რომელშიც ირანთან ერთად მონაწილეობდნენ მსოფლოს ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები.

შეხვედრა დაჩრდილა ირანის პრეზიდენტად მკაცრი ხაზის მომხრე ებრაჰიმ რაისის არჩევამ.

2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას გულისხმობდა თეირანისთვის სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, 2018 წელს ცალმხრივად გამოეთიშა აშშ. ამას მოჰყვა ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების ეტაპობრივი უარყოფა. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სურს შეთანხმებაში კვლავ დაბრუნება და მისი აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG