Accessibility links

site logo site logo

კრემლში ფაშინიანის გამარჯვებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ უწოდეს


რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კრემლში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით მოქმედი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.

„ჩვენ მივესალმებით არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების შესახებ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 21 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში. კრემლის წარმომადგენელმა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს უსურვა განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის იმ სამმხრივი შეთანხმების რეალიზების მეშვეობით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის „უშუალო მონაწილეობით“ იქნა მიღწეული.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანს“(სომხეთი) კი, 21.04%-მა.

ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო ხმების 5.23%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადალახა ბლოკებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერი. პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის - „აყვავებულმა სომხეთმა“(3.96%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG