Accessibility links

site logo site logo

რა უნდა ქნა, თუ SMS მიიღე "თელასიდან" და მრიცხველის ჩვენებას ვერ უგზავნი 


ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასი" აცხადებს, რომ აბონენტებს SMS-ის მიღების მიუხედავად მრიცხველის ჩვენების გაგზავნის ვალდებულება არ აქვთ. კომპანია მსგავსი შეტყობინებით აბონენტებს აცნობებდა, რომ მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე 30 ივნისამდე უნდა შეეყვანათ.

კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას აუხსნეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას აბონენტები SMS-ზე არ უპასუხებენ:

  • "თელასში" ამბობენ, რომ თუ მოქალაქე მათ შეტყობინებით არ აცნობებს დახარჯული ელექტროენერგიის მონაცემებს, კომპანია თავად გამოთვლის, საშუალოდ რა თანხის ელექტროენერგიას მოიხმარს აბონენტი ყოველდღიურად და შესაბამისად დავალიანებას დარიცხავს;
  • თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქის მიერ გადახდილი თანხა აღემატება დანახარჯს, ან პირიქით, უფრო ცოტა თანხაა გადახდილი, მომდევნო თვის ქვითარზე ეს განსხვავება ასახული იქნება.

1 ივლისიდან თბილისში ელექტრომიმწოდებელი კომპანია იცვლება. "თელასის" ნაცვლად ქვითრები "თელმიკოს" სახელით დარიგდება. ცვლილება საკანონმდებლო ცვლილებებით გახდა სავალდებულო. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია აცხადებს, რომ არ შეიცვლება ტარიფი და პირობები.

ცვლილებები გავრცელდება რეგიონებშიც. "ენერგო პრო ჯორჯიას" ნაცლად აბონენტები ქვითრებს "ეპ ჯორჯიასგან" მიიღებენ. სემეკი რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

  • თუ აბონენტს რომელიმე კომპანიის ანგარიშზე წინსწრებით აქვს თანხა გადახდილი, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ფულის უკან დაბრუნება;
  • "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" ვალდებული არიან, აბონენტებს ასწავლონ წინსწრებით გადახდილი თანხის დაბრუნების გზები;
  • აბონენტებს შეუძლიათ უკვე გადახდილი თანხა წერილობითი თანხმობით გადაიტანონ ახალი კომპანიების ანგარიშზე;
  • თუ აბონენტებს გადანაწილებული აქვთ გადასახადი, ეს ასახული იქნება ახალი კომპანიების ქვითრებზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG