Accessibility links

site logo site logo

ვაქცინის გარეშე დარჩენილები - ვის აერია ანგარიში?


„ასტრაზენეკას ვაქცინის მოწოდების შეფერხების გამო, თქვენი ჯავშანი გადადებულია. ახალ თარიღთან დაკავშირებით მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას. ბოდიშს გიხდით უხერხულობის შექმნისთვის“, - ლათინური ასოებით დაწერილი ამ შინაარსის გზავნილი კლინიკებიდან 21 და 22 ივნისს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიიღო. მათი ჯავშანი კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკაზე“, გაურკვეველი დროით გადავადდა.

არადა, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ანუ ვაქცინაციის დაწყების პირველი დღიდან 22 ივნისამდე, არც ერთხელ თქმულა, რომ, მაგალითად, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზის მისაღებად, მოქალაქეებს პრობლემები შეექმნებოდათ. პირიქით, ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი პირები, ჯანდაცვის უწყებების მაღალჩინოსნები, დღენიადაგ გვარწმუნებდნენ, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დეფიციტი არ შეიქმნებოდა და მოქალაქე, რომელმაც ამ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დარჩებოდა მეორე დოზის გარეშე.

დღესაც ამას იმეორებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ირწმუნება, რომ მოქალაქეები „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას აუცილებლად მიიღებენ. არადა, ჯერ ისევ უცნობია, როდის შემოვა ქვეყანაში „კოვაქს პლატფორმის“ მიერ დაპირებული 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში 22 ივნისს, გამთენიისას უნდა ჩამოსულიყო.

როგორც დღეს გაირკვა, ამ დოზების ქვეყანაში შემოტანის საკითხი უკვე მესამედ გადავადდა. ამირან გამყრელიძის თქმით, 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“ ჯერ მაისის ბოლოს უნდა მიეღო ქვეყანას, შემდეგ ივნისის დასაწყისში, ბოლო თარიღად 22 ივნისი დასახელდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოლოდინი ამჯერადაც გაცრუვდა.

22 ივნისის მონაცემებით, საქართველოში, 5000-მდე მოქალაქეს შეექმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიღების პრობლემა. აქედან 1250 მოქალაქე, ვაქცინის პირველ დოზებს ელოდა, დანარჩენები კი - მეორე დოზებს. თუკი კვლავ ამირან გამყრელიძის სიტყვებს დავეყრდნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით, მეორე დოზის ჯავშანი 10-12 კვირის მონაკვეთში უწევთ, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ, რადგან, მისი თქმით, ქსელში 1600 დოზა „ასტრაზენეკა“ კვლავ ინახება. ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს, რომელთა ჯავშანიც 4-10 კვირის პერიოდს მოიცავს, ბოდიშის მოხდით, მოცდა მოუწევთ. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს, მათ მთავრობა ჩინურ „სინოფარმს“ ან „სინოვაკს“ შესთავაზებს.

გზავნილი ამცრელი კლინიკებიდან, რომელიც ასობით მოქალაქემ მიიღო.
გზავნილი ამცრელი კლინიკებიდან, რომელიც ასობით მოქალაქემ მიიღო.

ვის აერია ანგარიში?

დაპირების თანახმად, საქართველომ კოვაქს-პლატფორმის გავლით, 129 400 დოზა „ასტრაზენეკა“ უნდა მიიღოს. ანუ, ჯამში, 64 700 ადამიანის ასაცრელი დოზა.

22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ შემოსულია 86 200 დოზა „ასტრაზენეკა“. ანუ 43 100 ადამიანის სრულად ასაცრელი დოზა ვაქცინა.

ვაქცინის პირველი დოზები, 43 200 ვაქცინა, საქართველომ 13 მარტს მიიღო. მაშინ ითქვა, რომ 43 200 დოზა ვაქცინა განკუთვნილი იყო 43 200 ადამიანის თითოჯერ ასაცრელად. იქვე ითქვა ისიც, რომ ეს ადამიანები ვაქცინის გარეშე არ დარჩებოდნენ და მათთვის საკმარისი ვაქცინა ქვეყანაში აუცილებლად ჩამოვიდოდა უახლოეს პერიოდში. „ასტრაზენეკას“ დამატებითი, 43 000 დოზა ვაქცინა ქვეყანამ 6 მაისს მიიღო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში, 86 200 დოზა „ასტრაზენეკადან“, ამცრელ კლინიკებში, ჯამში, „დაიკარგა“ ვაქცინების 3%, რაც უდრის 2586 დოზა ვაქცინას. ეს იმას ნიშნავს, რომ 1293 ადამიანის ასაცრელი დოზა ვაქცინა სხვადასხვა მიზეზით გაფუჭდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს „ასტრაზენეკას“ ფლაკონში არსებული დოზების რაოდენობა. ერთი ფლაკონი „ასტრაზენეკა“ 10 დოზა ვაქცინას შეიცავს. ფლაკონის გახსნიდან 6 საათში ათივე დოზა ვაქცინა თუ არ გაკეთდება, უნდა გადაიღვაროს. ვაქცინის „დაკარგვის“ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად სწორედ „იძულებით გადასაღვრელი“ დოზები სახელდება.

20 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 86 200 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინებიდან, ერთჯერადად აცრილია 58 195 ადამიანი, მათგან ორჯერადად, ანუ სრულად, აცრილია 20 679 ადამიანი, ხოლო „დაკარგულია“ დაახლოებით 2 600-მდე დოზა ვაქცინა.

ე.წ. გაფუჭებული დოზების ჩათვლით, 86 200 დოზა ვაქცინიდან, საქართველომ 20 ივნისის ჩათვლით, აითვისა დაახლოებით 81 474 დოზა ვაქცინა.

გამოდის, რომ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელმა სამსახურმა არ გაითვალისწინა ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ მორიგი, 43 000 დოზა ვაქცინის შემოსვლის შესაძლო დაგვიანების საკითხი და არსებული დოზების მაქსიმალური უმრავლესობა პირველი დოზების გასაკეთებლად დახარჯა.

აქ ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, რომლებიც საქართველოში მარტში შემოვიდა, მოხმარების ვადა მაისის ბოლოს ეწურებოდა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვაქცინების მეორე დოზები არ იქნა გადანახული, სავარაუდოდ, ესეცაა. ამას არ უარყოფს არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:

„მოგეხსენებათ, ამ ვაქცინებს აქვს ვარგისიანობის მოკლე პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ შესაძლოა, ამ ლოგისტიკაში იყო გარკვეული შეცდომები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 22 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ვინ, სად, რა, როგორ და რატომ ვერ დაითვალა, ახლა ამის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ უწყება „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიან შესწავლას იწყებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, უნდა გამოიკვეთოს, რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოგისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს:

„ამ შემთხვევაში ლოგისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად, და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები“, - ამბობს თამარ გაბუნია.

რაცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინა არ გვაქვს, მაგრამ შეზღუდვები მაინც იხსნება

სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტებებს გააკეთებდა, თუ რატომ შეფერხდა ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი, რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ახარა, რომ 22 ივნისიდან უქმდება ქვეყანაში გარე სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება, პირველი ივლისიდან კი ქვეყნის მოსახლეობა გადაადგილების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, ანუ იხსნება ე.წ. კომენდანტის საათი.

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ე.წ. დაპაუზებული ვაქცინაციისა და ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელების ფონზე, მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი, არ მიესალმება რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, გამართლებულია გარე სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა, თუმცა, თვლის, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება ნაადრევი გადაწყვეტილება იყო. მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რა გათვლებითა და კრიტერიუმებით იღებს ხელისუფლება შეზღუდვების დაწესებისა თუ მოხსნის გადაწყვეტილებებს:

„სანამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც, სულ ცოტა 30%, არ იქნებოდა აცრილი, მე „კომენდანტის საათს“ არ გავაუქმებდი. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, ჩვენ ვერ ვხვდებით, როდის აწესებს მთავრობა შეზღუდვებს და როდის ხსნის. როდესაც ჩვენთან ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი იყო 2,7%, მაშინ დაგვკეტეს, დღეს 3,27%-ია და აუქმებენ შეზღუდვებს. ეს როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ისე ბიზნესისთვისაც საკმაოდ ცუდია, რადგან მან არ იცის, რა პრინციპს ეფუძნება მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილებები. თუ ჩვენ სექტემბრისთვის მოვასწარით მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის ვაქცინაცია, შესაძლოა მშვიდად გადავიაროთ მორიგი ტალღა, თუმცა, თუკი ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით“.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის 22 ივნისის გადაწყვეტილებას ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის, რეგულაციების მოხსნით გამოწვეული სიხარულით გადაფარვის მცდელობად აფასებს. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ის აღნიშნავს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ არის ვაქცინირებული და ქვეყანაში ახალი შტამები ვრცელდება, მაღალი რისკის შემცველია:

„არც წყენა მაქვს, არც სიხარული. რა თქმა უნდა, გარე სივრცეში პირბადის მოხსნა ზაფხულის პირობებში, როდესაც ადამიანები ისედაც ვერ ატარებდნენ, მესმის და მისაღებია. ღია სივრცეში, კაფე, ბარი, რაც კი მუშაობდა, ვხედავდით, რომ პირბადის ტარების წესი დაცული არ იყო, ეს აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. რაც შეეხება ღამით გადაადგილების საკითხს, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იყო ხელისუფლება, მაგრამ 23:00 საათის შემდეგ ამის მოხსნა ავტომატურად გამოიწვევს ადამიანების სახლში გადანაცვლებას, თავყრილობებს, ქეიფს, მსგავს ღონისძიებებს. ამ გამოწვევების ფონზე, როდესაც საზოგადოება დაცული არ გვყავს, ახალი შტამებია, დიდი რისკის შემცველია. როგორც ზოგი ევროპული ქვეყნის გამოცდილება ამბობს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს თუ იღებ, მაშინ უნდა თქვა, რომ სტუმრიანობა შეზღუდულია, ერთ ადამიანზე მეტს ვერ მიიღებ. კი ბატონო, გარეთ არ ავკრძალოთ, ვისაც უნდა, ღამე 01:00-02:00 საათზე ისეირნონ, მაგრამ თავყრილობების სახლში პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია, აქ უნდა ჩაგვედო რეგულაცია, ამას შეცდომად განვიხილავ“.

რაც შეეხება ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტს, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს:

„როდესაც ერთი მომწოდებელი გყავს და ეს არ არის დივერსიფიცირებული, რა თქმა უნდა, იქმნება რისკი. ნებისმიერ საერთაშორისო სააგენტოშია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და „კოვაქსი“ ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამების მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასეთ სიტუაციაში ლოგისტიკურად ეს რისკი უნდა დააზღვიო. როდესაც ასეთი ვითარება იქმნება, ევროკავშირი, ლიეტუვა, ესტონეთი თუ გჩუქნის ვაქცინის დოზებს, მას უნდა სთხოვო, რაც შეიძლება ადრე გამოგიგზავნონ, თუნდაც დაპირებული 100 ათასი დოზიდან 5 ათასი დოზა, ეს არის უზრუნველყოფა. მესმის, რომ „ასტაზენეკა“ იძლევა ლავირების საშუალებას, რომ 10-დან 12 კვირა ვისაც აქვს, მას გადაუნაწილებენ დოზებს, მაგრამ 8-6 კვირაში ჩაწერილი ადამიანები? ადამიანებს ორჯერადი დოზირება სჭირდებოდათ, ზოგი 6 კვირაშია ჩაწერილი, უცხოეთში რომ წასულიყო, ბიზნესის ან ჯანმრთელობის პრობლემის გამო და არავის არ უნდა, ერთი ვაქცინით ან უვაქცინოდ გადაადგილდეს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით“.

ვაქცინა და საქართველო რიცხვებში

22 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარდა 238 220 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 84 756 ადამიანი. ანუ ერთჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 7%. სრულად კი - მხოლოდ 2,49%.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, ქვეყანამ 2021 წლის მიწურულს, მოსახლეობის დაახლოებით 60%, 1 700 000 ადამიანი უნდა აცრას ორჯერადად. თუკი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება, დაახლოებით, 180 დღეში, 3 400 000 ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში, სულ მცირე, 19 000 ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია. 21-22 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში დღეში დაახლოებით 4800 დოზა ვაქცინა კეთდება.

ვაქცინის პირველი დოზები საქართველომ 13 მარტს მიიღო. 22 ივნისის მდგომარეობით, ჯამში, ქვეყანაში შემოსულია 315 450 დოზა ვაქცინა - „ასტრაზენეკა“ (86 200), „ფაიზერი“ (29 250), „სინოფარმი“ (100 000), „სინოვაკი“ (100 000), ანუ, ჯამში, 157 725 ადამიანის ასაცრელი ვაქცინა.

ვაქცინების უკანასკნელი დოზები ქვეყანამ მიიღო 6 მაისს - 43 000 დოზა „ასტრაზენეკა“. ეს იმას ნიშნავს, რომ 47 დღეა ერთი დოზა ვაქცინაც აღარ შემოსულა.

ირაკლი ღარიბაშვილის 22 ივნისის განცხადებით, პირველი ივლისიდან ქვეყანაში ერთი მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. რომელი წარმოებისა და რა რაოდენობის, ამის შესახებ არც მას და გადაწყვეტილების მიმღებ არც სხვა პირებს არაფერი უთქვამთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ერთი მილიონი დოზა ვაქცინიდან, 43 000 დოზა იქნება, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკა“, რაკიღა ის ჯერ კიდევ დღეს, ანუ 22 ივნისს უნდა მიგვეღო. არ არის გამორიცხული, რომ ამ ერთ მილიონ დოზა ვაქცინაში შევიდეს ნახევარი მილიონი ჩინური წარმოების „სინოფარმი“, რადგან, მთავრობის განცხადებით, „სინოფარმისგან“ 500 000 დოზა ვაქცინას ივლისის დასაწყისში ველოდებით.

რაც შეეხება „ფაიზერს“, საქართველოს ხელისუფლებისა და თავად კომპანიის განცხადებების თანახმად, არსებობს ერთგვარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ „ფაიზერისგან“ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს. მთავრობა ვაქცინის ჩამოსვლის სავარაუდო თარიღად ივლისის მიწურულს ასახელებდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, პრემიერ-მინისტრის მიერ ნახსენებ მილიონ დოზაში „ფაიზერიც“ გამოერიოს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს, ჯამში, 200 ათასი დოზა „ფაიზერის“ დასაწყობების საშუალება აქვს, რადგან მას განსაკუთრებული შენახვის პირობები, -80-გრადუსიანი მაცივრები სჭირდება, რაც მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG