ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 2 520 684 შემთხვევა, რაც 2021 წლის თებერვლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ითაა შემცირებული.
გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა ყველაზე მეტად იკლო ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში და მოიმატა აფრიკაში. ეპიდსიტუაცია თითქმის უცვლელი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში.
გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 64 075 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი შემცირებულია 12%-ით.
რაც შეეხება კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალ შტამებს, WHO-ს მონაცემებით, ვარიანტი „ალფა“(ე.წ. ბრიტანული) დაფიქსირებულია 170 ქვეყანაში, „ბეტა“(ე.წ. სამხრეთაფრიკული) 119-ში, „გამა“(ე.წ. ბრაზილიური) 71-ში და „დელტა“(ე.წ. ინდური) 85-ში.
პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 178 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 3.8 მილიონზე მეტი ადამიანი.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 23 ივნისის დილისთვის, მსოფლიოს 180 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 2,71 მილიარდზე მეტი დოზა.
დაწერეთ კომენტარი