Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახმა საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობაც გადაიფიქრა


ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მონაწილეობას აღარ მიიღებენ საპროტესტო მსვლელობაში, რომელიც 12:30 საათისთვის უნდა დაეწყოთ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისში მდებარე პოლიციის შენობისკენ. აქციაში მონაწილეობისთვის ქვემო ჭალაში თბილისიდან ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

"პატრიარქის თხოვნით, აღარ შევუერთდებით", - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ, მიხეილ გახელაძემ. როგორც მან თქვა, მივლენ სამთავისის ეკლესიაში, სანთლებს აანთებენ და ზაზასთვის ილოცებენ: "ბოდიშს მოვუხდი კიდევ და კიდევ, ვინც შეწუხდა, მოვიდა, გვერდში დაგვიდგა".

მანამდე, მიხეილ გახელაძემ პატრიარქის თხოვნა დაასახელა იმის მიზეზადაც, რომ უარი თქვა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლის განზრახვაზე.

მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა, დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქცია ოჯახის ინიციატივა იყო და აქტივისტები ქვემო ჭალაში ოჯახის თხოვნით ჩავიდნენ: "თუ ოჯახი არ გამოდის, ბუნებრივია, ჩვენ წავალთ, ჩვენ საქმეებს მივხედავთ". ქაცარავას ინფორმაციით, გახელაძის ოჯახის წევრებთან იმყოფებოდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც არწმუნებდა, რომ რუსეთი არ უნდა გააღიზიანონ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს, მიხეილ გახელაძე კი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას აპირებდა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც.

22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG