Accessibility links

site logo site logo

ბადრი ესებუა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება - შს მინისტრი


ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მის ხელს არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, მის დაკავებაზე მუშაობენ, ვინაიდან ეს პოლიციის ღირსების საქმეა და „არ არის სახუმარო“.

„ვფიქრობ ხოლმე ესებუათი დავიწყო, რომ თქვენ დაიკმაყოფილოთ ხოლმე ინტერესი“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე, დასმული კითხვის პასუხად.

„ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ხუმრობა იქით იყოს და მნიშვნელოვანი თემაა. მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა, პირდაპირ გეტყვით. ესეთი რაღაცა დიდი ხანია არ მომხდარა, ვმუშაობთ. იყო რაღაც თემები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს და ხვალ ეს მოხდება. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ამდენი ადამიანი აყვანილი ჰყავდა მძევლად 35 თუ 34 ადამიანი, როგორც მახსოვს და ვისაც უნდა ამ ადამიანის დაკავება და ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. რატომღაც ჰქონია ხალხს, რომ ჩვენ „არ გვინდა, ხელს ვუწყობთან ვმალავთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, რომელ ქვეყანაში იმყოფება ბადრი ესებუა და ცნობილია თუ არა სამართალდამცველებისთვის მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა რომ ის საქართსლოში იმყოფება.

„ჩვენ ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა, იმედია სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნოთ ამ წყაროს, რომ აქ არის. მე ვერ დაგავალებთ, რომ ოპერატიული საქმიანობა შეისწავლოთ და როგორ ხდება ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება და აქედან გამომდინარე ეგ რომ გვცოდნოდა , ელემენტარული ლოგიკური თემაა, დავაკავებდით რა თქმა, უნდა ხო?“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ. ამის შემდეგ მისი კვალი უჩინარდება და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG