Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერის ინიციატივით პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები გაუქმდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმები გაუქმდება. ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება და ის ათავისუფლებს ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა დროს დაარღვიეს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისით არის განპირობებული და შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს უკვე წარედგინა და უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

"დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი. ეს სახდელები მათთვის იყო მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობები. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებოდ ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG