Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელი აქტივისტი საქართველოს მთავრობის წევრებთან საუბარს ითხოვს


ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას აპირებს. მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით, ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე:

„4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეულ სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე. საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში“.

თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს. აქტივისტი წერს, რომ შეხვედრა სურდა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა, „ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა“ და ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

„ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას“.

თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდული აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთავრობის წევრებთან ონლაინსაუბარი სურს. აქტივისტმა არ დააკონკრეტა, რა ფორმით აპირებს პროტესტის გამოხატვას.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წელს დაიწყო. თამარ მეარაყიშვილი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში დაადანაშაულეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG