Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი გმობს ბელარუსის გადაწყვეტილებას გაწყვიტოს კავშირი ბლოკთან


ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს ბელარუსის გადაწყვეტილებაზე გაწყვიტოს კავშირი ბლოკთან და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ბელარუსის იზოლაციას გააღრმავებს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე.

28 ივნისს ფეისბუკით გამოქვეყნებულ განცხადებაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მინსკმა კონსულტაციებისთვის ქვეყანაში გამოიძახა ევროკავშირში თავისი მუდმივი წარმომადგენელი. მინსკმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა მას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გასულ თვეში სამგზავრო თვითმფრინავის იძულების გამო მინსკში დაფრენილიყო. ბელარუსის სამართალდამცავებმა შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი და მისი მეგობარი ქალი დააპატიმრეს.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელიც უნდა წავიდეს კონსულტაციების გამართვის მიზნით, ხოლო მათ, ვინც სანქციები დააწესა, ბელარუსში შესვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სანქციების სამიზნეა ბელარუსის ეკონომიკის მთავარი სექტორები და ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმისთვის მოგების მომტანი სხვა წყაროები. ბელარუსი ევროკავშირს ადანაშაულებს სანქციების გამოყენებაში "იარაღად სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ზეწოლის განხორციელების მიზნით".

სამინისტრო აცხადებს, რომ მინსკი ასევე წყვეტს მონაწილეობას აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, რომლის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას - საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ეს გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ ის გამოიწვევს "დაძაბულობის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და აშკარა უარყოფით გავლენას ბელარუსის ხალხზე, მათთვის ჩვენი თანამშრომლობით შექმნილი შესაძლებლობების წართმევით".

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის პრესმდივნის თქმით, მინსკის გადაწყვეტილება შეწყვიტოს მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში "მხოლოდ ბელარუსის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს, და წარმოადგენს მორიგ დემონსტრაციას იმისა, რომ რეჟიმი უგულებელყოფს ბელარუს ხალხს".

"ევროკავშირი ღია რჩება ბელარუს ხალხთან თანამშრომლობისთვის ამ ჩარჩოს ფარგლებში და ის გააგრძელებს ბელარუსი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების, ისევე როგორც მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას" - თქვა პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ. ბელარუსის მოთხოვნის პასუხად, რომ მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელი ბრიუსელში უნდა გამოიძახონ კონსულტაციებისთვის, მასრალიმ თქვა: "საკომუნიკაციო არხების ღიად დატოვება უმნიშვნელოვანესია კრიზისების დროს. ეს ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენს მიზანს".

ლუკაშენკას რეჟიმი საერთაშორისო ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც მან სასტიკი რეპრესიები დაიწყო პოლიტიკურ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ მედიაზე, კამათის საგნად ქცეული, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული არჩევნების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG