Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს და ამის შესახებ ფეისბუკის პირადი გვერდიდან ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს და მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელებს, ცესკოს თავმჯდომარე კი 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იქნება. რამდენიმე დღის წინ, 22 ივნისს ის ამბობდა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა.

"იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.

ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.

ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.

მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.

განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!" - დაწერა თამარ ჟვანიამ ფეისბუკზე.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს 2018 წლის 24 დეკემბერს. თამარ ჟვანიას გადადგომას აქტიურად ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

2020 წლის არჩევნების შედეგების გაცნობისას ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მიზეზით თითქმის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციის ერთი ნაწილი არ იწყებდა საპარლამენტო საქმიანობას. საკითხის გასარკვევად მმართველმა პარტიამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ენდობა.

ინფორმაცია თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2021 წლის თებერვალშიც გავრცელდა, თუმცა მაშინ არ დადასტურდა.

ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მოადგილე.

ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში კი 6 თვე.

საქართველოში უახლოესი, თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG