Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

88 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


88 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, რომელიც ერაყში ომის მთავარი არქიტექტორი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა ოჯახმა გაავრცელა 30 ივნისს.

„ღრმად დამწუხრებულები ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა დონალდ რამსფელდი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და ერთგული მეუღლე, მამა, პაპა და დიდი პაპა. 88 წლის ასაკში ის ოჯახის წევრებით იყო გარშემორტყმული თავის საყვარელ ტაოსში, ნიუ-მექსიკოში,“ ნათქვამია რამსფელდის ოჯახის განცხადებაში.

რამსფელდი იყო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს, რომელმაც ის ამ თანამდებობაზე 2001 წელს დანიშნა.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ რამსფელდი ხელმძღვანელობდა პენტაგონის საპასუხო ქმედებებს და თავდაპირველ იერიშს „ალ-ყაიდის“ ბაზებზე ავღანეთში. აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმებმა და საჰაერო იერიშებმა სწრაფად განდევნეს თალიბანი ხელისუფლებიდან და ძალაუფლება დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ აიღო ხელში.

2003 წელს აშშ-ის ჯარებმა იოლად ჩამოაგდეს ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, მაგრამ ამის შემდეგ ვერ მოახერხეს ქვეყანაში კანონისა და წესრიგის დამყარება. მოგვიანებით ბუშმა რამსფელდი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც აშშ ერაყში დიდი ხნის აღმოჩნდა ბრძოლებში ჩათრეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG