Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღირსების მარშის" უსაფრთხოების დაცვისკენ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტიდან მოუწოდებენ


"ღირსების მარშის" ორგანიზატორები და მხარდამჭერები შინაგან საქმეთა მინისტრს მათი უსაფრთხოების დაცვისკენ პარლამენტიდან მოუწოდებენ. პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გამართეს.

"მე ვისურვებდი, რომ ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად, ისე, როგორც შეეფერება ევროპულ ქვეყანას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და კანონის წინაშე ყველა თანასწორია... სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები კონკრეტული ჯგუფებისგან, ძალადობისკენ მოწოდება. დავიბარეთ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში იმისთვის, რომ უპასუხოს ყველა კითხვას და გვქონდეს 5 ივლისს მარშის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მინისტრს, გამოცხადდეს პარლამენტში, როგორც ამას ითხოვს კანონი და გვიპასუხოს, როგორ აპირებს ადამიანების დაცვას", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

"მედიის განვითარების ფონდის" დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა პრაიდის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ვერცერთი საზოგადოება ვერ განვითარდება, თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა გამოხატოს და ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით... ეს არის ქართული სახელმწიფოს ტესტი - ტესტი იმისა, როგორ ქვეყანას ვაშენებთ".

საქართველოში "პრაიდის კვირეული" დღეს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სხვადასხვა აქტივობებს აანონსებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG