Accessibility links

site logo site logo

სოციალური სამართლიანობის ცენტრი "რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევს


სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) "რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას ეხმიანება, მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაში მათი ჩართულობის შემდეგ ორგანიზაციის "ალიანსის შენარჩუნება" ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობასთან შეუძლებელი გახდა.

"რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარირებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამიანური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა.

თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ. კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

"რიონის ხეობის მცველების" ძალადობრივ აქციაში მონაწილეობას 5 ივლისს გამოეხმაურა მწვანე ალტერნატივა, რომელმაც თქვა, რომ წყვეტს მათთან კომუნიკაციას, 6 ივლისს კი - მწვანეები. ორივე ორგანიზაცია, ისევე როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ჩართული იყო ბოლო თვეების განმავლობაში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG