Accessibility links

site logo site logo

შსს: 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირია დაკავებული


ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ 4 პირი დააკავეს. მათ ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე და „მთავარი არხის“ ოპერატორზე თავდასხმები ედებათ ბრალად.

„გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის
მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადებაში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციისა და დღის განმავლობაში აქციის პარალელურად განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ამ დროისათვის სულ 7 პირია დაკავებული, დაკავებულთა საერთო რიცხვი კი 15-ს შეადგენს, მათგან 8 პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გარშემო, გარდა ჟურნალისტებზე ძალადობისა, სხვა კანონდარღვევებზეც მიმდინარეობს გამოძიება. ესენია: მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისებზე თავდასხმა.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტური მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანა ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დღეს მეორედ ჩამოხსნეს პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG