Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: 5 ივლისს მედიაზე ძალადობამ დააზიანა ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია და მთავრობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოჰყვა 5-6 ივლისს თბილისში მომხდარი მოვლენების საკუთარ ვერსიას იმის დასამტკიცებლად, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, პოლიციის მიმართ უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან უსაფუძვლოა და განსხვავებული აზრის გამო არავინ იდევნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისს 3 500 პოლიციის ოფიცერი იყო მობილიზებული თბილისის მასშტაბით, თუმცა ისინი არა დილას ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციებისთვის, არამედ ეკლესიის მიერ 5 საათზე დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვისა და 6 საათზე თბილისი პრაიდის ფარგლებში "ღირსების მარშისთვის" ემზადებოდნენ.

"ორი დღის წინ როგორც განვითარდა მოვლენები, მინდა თქვენ საჯაროდ კიდევ ერთხელ განგიმარტოთ. პოლიციას ჰყავდა მობილიზებული 3 500 პოლიციის ოფიცერი მთელ ქალაქში. ძირითად ღონისძიებას ვალოდებოდით 6 საათზე, ვგულისხმობ უმცირესობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას. 5 საათზე ჩვენს ეკლესიას ჰქონდა დაანონსებული და დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვა და ამ ადამიანებს, რომლებმაც ეს ძალადობა დაიწყეს დილის 11 საათზე, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან.

მე მინდა გავიმეორო ის, რაც საჯაროდ ვთქვი. რამდენიმე დღის წინ, უფრო მანამდეც, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უშუალო კონტაქტი პრაიდის ორგანიზატორებთან, მათთვის წინასწარ განსაზღვრეს ლოკაციები და უთხრეს, რომ ამ ლოკაციებზე უსაფრთხო იქნებოდა მათი ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთ მათ ღონისძიებაზე ელჩებიც დაესწრო, პოლიციამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არაფერი არ მომხდარა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგები იყვნენ, ეს ნორმალურია, ყველა ადამიანს აქვს კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის უმცირესობების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლება", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ისიც აღნიშნა, რომ თბილისი პრაიდს "ღირსების მარშის" ჩასატარებლად რუსთაველის გამზირის ნაცვლად სხვა ალტერნატიულ სივრცეებს სთავაზობდნენ და ელჩებთან ჰქონდათ კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ დაგეგმილი მარში დიდ რისკებს შეიცავდა იმის გამო, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობდა.

ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ევროკომისარისთვის და საზოგადოებისთვის დღეს ის, რომ 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფებთან ერთად, რომელთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად 55 ადამიანი, მათ შორის 53 ჟურნალისტი დაშავდა, იყვნენ სასულიერო პირებიც. პრემიერ-მინისტრს არც ის უთქვამს, რომ 1 ივლისს, თბილისი პრაიდის პირველ ღონისძიებაზე მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდარღვევების გამო დააკავეს, მეორე დღესვე გაათავისუფლეს, რითიც გაზარდეს განმეორებითი ძალადობის საფრთხე. ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც, როგორც წინა დღეებში, თქვა, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების უკან პროცოკაციული ძალები დგანან, რომლების მიზანიც საქართველოს ეკლესიისთვის, ხელისუფლებისა და ევროკავშირისთვისაც კი, რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო.

"ჩვენმა ძალებმა, სპეცსამსახურებმა და პოლიციის თანამშრომლებმა შეაფასეს რა რისკები, რომელიც მოდიოდა კონტრაქციის ორგანიზატორებისგან, ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ, როგორც საჯაროდ, მათ შორის მეც გამოვედი, რომ არ იყო მიზანშეწონილი ქალაქის ცენტრში ამ მარშის ჩატარება, იმიტომ რომ ეს შეიცავდა დიდ რისკებს და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ჩვენი რეკომენდაცია იყო სხვა ადგილას ჩაეტარებინათ მარში და პოლიცია დაიცავდა მათ. ჩვენ გვქონდა კვირას ელჩებთანაც ამ საკითხზე კომუნიკაცია, მათაც განვუმარტეთ, რომ მთავრობა ხედავდა რისკებს, რომელიც საბოლოო ჯამში მოახდენდა სიტუაციის ესკალაციას და ეს არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვინაიდან აღნიშნული შეიცავდა პროვოკაციულ ნიშნებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება დაადგენს, ვისი ინტერესი დგას ძალადობრივი ფაქტების უკან.

"5 ივნისს, დაახლოებით 10 საათზე დაიწყო მობილიზება, გამოჩნდნენ ქუჩაში კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის ბევრი ადმიანი იყო. მათ შორის ზოგი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით დააზიანეს როგორც ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა. ამით, რა თქმა უნდა, დააზიანეს როგორც ჩემს მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი 17:00-საათიანი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენ ზიანი მოგვადგა, ჩვენს ქვეყანას მიადგა ზიანი. ჩემი შეფასებით, ამას რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების, ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებასა და შეჯახებას, ეს იყო მათი ერთი ამოცანა.

რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს შედიოდა, ეს პროვოკაციები, რა თქმა უნდა, შედიოდა, კიდევ გავიმეორებ, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ არცერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ", - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარს.

XS
SM
MD
LG