Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RSF: 53 ჟურნალისტზე თავდასხმა საქართველოში პრესის თავისუფლების სფეროში სერიოზული უკუსვლაა


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) პრესრელიზი გაავრცელა საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა 5 ივლისს ფიზიკური თავდასხმა განახორციელეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, რომლებიც თბილისში პრაიდის მარშს აშუქებდნენ, მაშინ, როცა პოლიცია საქმეში არ ჩარეულა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდგმობს დანაშაულებრივ პასიურობას, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა და გამოდის მოწოდებით, დაისაჯოს ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ უკანონო ქმედებებისთვის,“ ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

განცხადებაში ნახსენებია, რომ 53 ჟურნალისტს თავს დაესხნენ, როცა ისინი აშუქებდნენ LGBTQ+ აქტივისტების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. ზოგიერთი ჟურნალისტი დაშავებულია, ზოგმა მიიღო ტვინის შერყევა, ზოგმა ქიმიური დამწვრობა, ზოგს აღენიშნება მოტეხილობა. მინიმუმ ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა და ისინი ჰოსპიტალიზებულ იქნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორმა ილია თვალიშვილმა თვალებზე დამწვრობა მიიღო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც სახეში შეასხეს. ონლაინ მედიაორგანიზაციატაბულისჟურნალისტ მაკო ჯაბუას რამდენჯერმე ჩაარტყეს თავში ჯოხი. ‘ინტერპრესნიუსისფოტოჟურნალისტ ნიორგი ნიკოლიშვილს ტვინის შერყევა მოუვიდა მას შემდეგ, რაც ორჯერ ჩაარტყეს თავში, როცა ფოტოებს იღებდა,“ წერს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ჟურნალისტური აღჭურვილობაც. რეპორტიორებს წაართვეს და დაუმსხვრიეს კამერები, მიკროფონები და სმარტფონები. ზოგმა ჟურნალისტმა ან მიატოვა დემონსტრაცია და თავს უშველა, ან დამალა საკუთარი ჟურნალისტური აკრედიტაცია, რათა მათ თავს არ დასხმოდნენ.

ბევრმა ჟურნალისტმა აღნიშნა პოლიციის მხრიდან რაიმე რეაქციის არქონა და თავდამსხმელთა დაუსჯელობა. ტვ პირველის კორესპონდენტმა გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ პოლიცია თვალს ადევნებდა და არ ჩარეულა, როცა მისი გადამღები ჯგუფის წევრს, ლევან ბრეგაძეს სცემდნენ,“ ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისში ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმები საქართველოში პრესის თავისუფლების სერიოზულ უკუსვლას ცხადყოფს,“ განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟან კაველიემ. მისი თქმით, ძალადობის ინტენსიურობა და კოორდინაცია უპრეცედენტო იყო. ჟურნალისტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, თავისუფლად გააშუქონ ნებისმიერი დემონსტრაცია და პოლიცია მოვალეა, დაიცვას ისინი მუშაობისას. შეძრწუნებული ვართ რა ამ სახიფათო პრეცედენტით და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პასიურობით, შევახსენებთ მათ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და მოვუწოდებთ, დასაჯონ ყველა, ვინც პასუხისმგებელია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის აქტებისთვის.“

FSF წერს, რომ 6 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგვიანებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ეს ძალადობა და მას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა. პრესრელიზის ავტორები შენიშნავენ, რომ პრაიდის მარშის ჩატარება მწვავედ გააკრიტიკა ქართული საზოგადოების ზოგიერთმა ფენამ, მათ შორის რელიგიურმა ჯგუფებმა.

RSF-ის პრესრელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ გასულ კვირაში სოფელ წინწყაროში სცემეს „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს. თავდამსხმელი წინასწარ პატიმრობაში უნდა მოეთავსებინათ, მაგრამ ის გირაოთი გაათავისუფლეს“, დასძენს ორგანიზაცია.

პრესრელიზის ბოლოს აღნიშნულია, რომ 2021 წელს RSF-ის პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG