Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფორმულას" ჟურნალისტი მეუფე იოანეს პასუხობს: მან მისცა ბიძგი ჩემზე ძალადობას


"ფორმულას" ჟურნალისტი, რატი წვერავა, რომელსაც 5 ივლისს რამდენიმე პირი ერთდროულად სცემდა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ქადაგებას პასუხობს. მიტროპოლიტმა ამ დღეს მომხდარი ძალადობა გაამართლა და ჟურნალისტის "ბრალეულობაზეც" ისაუბრა.

"მეუფე, რა თქმა უნდა, მე შემოვიხიე პერანგი იმიტომ, რომ სველი მქონდა; მე მივიყენე ფიზიკური დაზიანებები სახეზე, თავზე, სხეულზე, თქვენ საერთოდ რა შუაში ხართ - რეალურად, სწორედ მეუფე იოანე გამრეკელი იყო ადამიანი, რომელმაც ბიძგი მისცა ჩემზე განხორციელებულ ძალადობას", - უთხრა "მთავარ არხს" რატი წვერავამ.

იმის მიუხედავად, რომ 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფებმა 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს და ეკლესიამ თქვა, რომ ძალადობას ემიჯნებოდა, მიტროპოლიტმა იოანემ ქადაგების დროს ძალადობა გაამართლა.

"მოსეს სჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილიო, რომელიც არ უსმენს თავის მშობელსო და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო. წარმოიდგინეთ როგორი უმკაცრესი ზომა იყო, რომ ურჩობა, კადნიერება, უტიფრობა, თავხედობა არ ყოფილიყო...

[რატი წვერავას] საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია და გადააგდო. გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი და იძახის, მღვდელი მე არ დამეხმარაო. რაში დაგეხმარო, ძმაო?! გინდა შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი?!" - თქვა ღიმილიანი სახით მიტროპოლიტმა.

რატი წვერვას ძალადობის ამსახველი კადრები რამდენიმე მედიასაშუალების კამერებმა დააფიქსირეს. ვიდეომასალაში მოძალადეების დადგენა შესაძლებელია.

შსს-ს წვერავაზე ძალადობისთვის დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებია.

როგორც მოგვიანებით "კავკასიის" ჟურნალისტმა გაიხსენა, მას მუქარით ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა კამერის გათიშვა აიძულეს და ამის გამო სრულად ვერ ასახა ძალადობის შემთხვევა.

XS
SM
MD
LG