Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქადაგიშვილი: მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა


"მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა", - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტთან ჯვარი, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა აღმართეს.

"ჩვენი ქვეყნის ისტორია ზოგადად, ეს არის ჯვართან დაკავშირებული ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ჯვართან დაკავშირებული და ამავე დროს ევროკავშირთან დაკავშირებული. ჩვენ როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ, ცოტა ადრე თუ გვიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ, ეს ერთობა უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. დანარჩენი, რომ ჩვენ დავიწყოთ ვნებათაღელვა, მოვიდეს ვიღაც და ამ ჯვრის აღება მაინცდამაინც ახლა მოინდომოს და ამას მოჰყვეს მეორე მხრის მოსვლა და კიდევ დაპირისპირების კერის შექმნა, არ არის სწორი, დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი. ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სხვა მიზნები და მოთხოვნები აქვს. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იწვევს მხარდაჭერას მოსახლეობაში, აღიზიანებს ჩვენს მოსახლეობას. დავანებოთ თავი ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანას, რომელსაც შემოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იმიჯი, მოსახლეობაში დაპირისპირების გაღრმავება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვადასხვა ადგილას.

პარლამენტის წინ, გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს ჩამოხსნეს ევროპის დროშა. 7 ივლისს დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ დააბრუნა - სიმბოლიკის დაზიანების ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არცერთ პირზე არ დამდგარა.

9 ივლისს აქტივისტები გეგმავდნენ აქციის გამართვას პარლამენტის წინ ჯვრის ჩამოხსნის მოთხოვნით. მათ სურდათ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. დაანონსებული აქცია რამდენიმე საათში გაუქმდა - მისი გაუქმების მიზეზი გახდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან ორგანიზების მოწოდებები თანამოაზრეებისთვის, მისულიყვნენ აქციამდე ნახევარი საათით ადრე რუსთაველზე და არ დაეშვათ "ლიბერალების" მხრიდან ამ შინაარსის აქციის ჩატარება, ასევე აქციის ორგანიზატორებზე განხორციელებული თავდასხმა სოციალურ ქსელებში.

იმის მიუხედავად, რომ დღეს აქცია ჯვრის ჩამოხსნის მოთხოვნით არ იმართება პარლამენტის წინ, იქ მაინც მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები და მხარდამჭერები.

რადიო თავისუფლებამ სცადა თბილისის მერიაში გაერკვია, აპირებს თუ არა ქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რელიგიური სიმბოლიკის აღებას, - კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ მიგვიღია.

XS
SM
MD
LG