Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პირი, რომელმაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე იძალადა 5 ივლისს


დათო ქორიძე, თორნიკე მანდარია
დათო ქორიძე, თორნიკე მანდარია

პოლიციამ 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი დააკავა და 1 პირს ბრალი წარედგინა - დაკავებულებს შორის არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე, დათო ქორიძესა და თორნიკე მანდარიაზე თავდამსხმელი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს 5 ივლისს მრგვალ ბაღთან დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფის წევრები, მათგან მხოლოდ ერთი, 1984 წელს დაბადებული გიორგი კახიანი არის ამ დროისთვის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

კიდევ ერთ პირს - ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე წარედგინა. იგი 8 ივლისს დააკავეს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG