Accessibility links

site logo site logo

ბოიკო ბორისოვის პარტიას სერიოზული გამოცდა ელის ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში


ბულგარეთში 11 ივლისს დაიწყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომლის დანიშვნა გადაწყდა მას შემდეგ, რაც წინა არჩევნების დროს დაკოპლექტებულმა საკანონმდებლო ორგანომ სამი მცდელობით ვერ მოახერხა ქმედითი კოალციური მთავრობის ფორმირება.


არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ აჩვენა, რომ შესაძლოა განმეორებით არჩევნებშიც დაახლოებით იგივე შედეგი დადგეს.

ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შანსი აქვთ პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტიას GERB-ს (მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის) და პოპულარული შოუმენის, სლავი ტრიფონოვის, პარტიას „არის ასეთი ხალხი“. აპრილში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით, 240-ადგილიან პარლამენტში პრემიერ ბოიკო ბორისოვის პარტიას წილად ხვდა 75 მანდატი, სლავი ტრიფონოვის პარტიას - 51.

საკანონმდებლო ორგანოში 43 ადგილი მოიპოვა კომუნისტური წარმოშობის, პრორუსულმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამ (BSP), ხოლო პარტიამ „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის“, რომლის წევრების უმრავლესობაც თურქია, 30 მანდატი მიიღო.

არჩევნების შემდეგ ჯერ „გერბმა", მერე „არის ასეთი ხალხი“ და შემდეგ სოციალისტებმა ცალ-ცალკე სცადეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, მაგრამ სათანადო ხმები ვერ მიიღეს და მთავრობის შექმნის მანდატი 5 მაისს უკან დაუბრუნეს ქვეყნის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.

კონსტიტუციის თანახმად, ბულგარეთის პრეზიდენტმა დაშალა პარლამენტი, შექმნა დროებითი მთავრობა და 11 ივლისისთვის დანიშნა ვადამდელი ახალი არჩევნები.


ბულგარეთის ამჟამინდელი დროებითი მთავრობის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის, მმართველობის დროს კორუფციული დანაშაულებების სააშკარაოზე გამოტანის შემდეგ, ბორისოვის ლიდერობით მოქმედ ყოფილ მმართველ პარტია „გერბს“ უფრო უარეს შედეგს უწინასწარმეტყველებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG