Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც "TV პირველის" გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებს შორის ყურადღება მის შესაძლო ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებაზე გაამახვილა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს და დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე ირწმუნებოდა, რომ არ უნდოდა წინასწარ რაიმე ვერსია გაეჟღერებინა, მაინც გააკეთა აქცენტი "ფონიჭალაზე" და "ზედოზირებაზე". საქართველოში ყველაზე ხშირად სპეცოპერაციები ნარკოგამსაღებლების დასაკავებლად სწორედ ფონიჭალაში ტარდება ხოლმე.

"პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად მოპედის საშუალებით, მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასული, თუმცა ამაზე შეგნებულად არ მინდა ხაზის გასმა იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს განცდა, წინსწრებით გარკვეულ ვერსიების გაჟღერება არ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან...

დღეს დაინიშნა და ახლაც მიმდინარეობს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, არ იქნება სწორი და პროფესიონალური, როდესაც გამოძიებამ წინასწარ [ნარკოტიკული საშუალების] ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება... [ექსპერტიზა] ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების უშუალო მიზეზებს, ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ სხვა შესაძლო შედეგებს..." - თქვა კრიმინალური პოლიციის უფროსმა.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე, რომ არ ჰქონდა ოჯახის ნებართვა, გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენა.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

ამავე დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი და სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა. "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს სწორედ "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ სიძულვილის ჯგუფები. სწორედ აქ მიიღო მძიმე დაზიანებები ოპერატორმა ლექსო ლაშქარავა, რომელიც დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG