Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ


"მადლობა ყველას, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს. და არანაირ პრესკონფერენციას და ექსპერტიზას აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას, თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერ გააკეთა ვერავინ 9 წლის განმავლობაში, იმას გავაკეთებთ. თქვენ ნახავთ, როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომელიც გიფრთხილდებოდათ, ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით. თქვენგან წიხლის მეტი არაფერი მიგვიღია. მივიღეთ ის, რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი. ადექით და მოკალით. ამას ვერ "გააპრავებთ".

უნდა წახვიდეთ, უნდა დამთავრდეს. ღარიბაშვილი, გეყოს ძალა. ახალგაზრდა კაცი ხარ და თუ გინდა, რომ გქონდეს მომავალი, წადი. წაიყვანე შენი მარიონეტები, ბიძინა ივანიშვილო, და წადი. და სამღვდელოებავ, ისინი, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, თქვენ არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ღმერთის სახელით, თქვენ თვითონ გაყარეთ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ, აღარ გამოხვიდეთ. სამარცხვინოები ხართ", - ესაა ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გამოსვლა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მედია და საზოგადოება ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბა მოთხოვნით - გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

როგორც ემუქრებოდით სხვებს, ახლა მიიღეთ ჩვენგან ეს მუქარა და ნახეთ, როგორია მუქარა, - თქვა ეკა მიშველაძემ გამოსვლის დასასრულს ხელისუფლების მისამართით.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5 ივლისს, როცა თბილისის ცენტრალურ გამზირზე "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ეს ადგილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს. პოლიციელების თვალწინ სცემდნენ ჟურნალისტებს. როგორც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, იმდენად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ დაიცავდნენ მათ უსაფრთხოებას.

ამ დროისთვის, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი მხოლოდ ორი პირია დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გამოძიება 5 ივლისს მომხდარ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს იძიებს და ორგანიზებული დანაშაულის არსებობის შესაძლებლობაზე არ საუბრობს. 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა, მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

მირანდა ბაღათურია, ჟურნალისტი, რომელიც თან ახლდა ლექსოს ძალადობრივი თავდასხმის დროს, ჰყვება, რომ მათი თავდამსხმელების რაოდენობა 20 მაინც იყო. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG