Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური გზავნილები


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გუშინ, 11 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წინ მედიის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებულ აქციაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე ანტიეროვნული გზავნილები ისმოდა.

„ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები მაგალითად იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციური ტელევიზიების დღის წესრიგი რადიკალური რევანშისტული ძალების დღის წესრიგს ემთხვევა:

„მთავარი, ტვ პირველი და ფორმულა პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და ნაცმოძრაობის და რევანშისტული რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ერთადერთი გზა, მათ მინდა შევახსენო, ხელისუფლებაში მოსვლის, არის არჩევნებში მონაწილეობა. რამდენიმე არჩევნებია აგებენ ყველა არჩევნებს, კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოვებულ არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივლისს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს დილას საკუთარ ბინაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილი დახვდა, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა "სირცხვილიას" ოფისთან, სადაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ხუთი ბრალდებული, ოთხ მათგანს უკვე პატიმრობა შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG