Accessibility links

site logo site logo

ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული: შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი


ტვ პირველის გარდაცვლილ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კუტალაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. კუტალაძე ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის არა მოძალადე, არამედ "ქართველი ვაჟკაცია" და "არასოდეს იკადრებდა ქალზე აეწია ხელი". კუტალაძეს ბრალად ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ედება "სირცხვილიას" ოფისთან - სასამართლოზე მან "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშზე" ილაპარაკა, რომელიც 5 ივლისს, როცა კუტალაძე და მისი თანამოაზრეები "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ და მედიაზე თავდასხმა მოაწყვეს, საერთოდ არ გამართულა.

"ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ვარ ქუთაისიდან. აქ არაერთხელ გააჟღერეს ჩემზე, რომ მოძალადე ვარ და ჯგუფურად დავესხი თავს ჟურნალისტებს.

ქალაქ ქუთაისიდან იმიტომ ჩამოვედით, რომ მანამდე ვიყავით ბორჯომში [გაფიცვაზე], იმ პირამოკერილ ბიჭებთან [შუქრუთელების პროტესტი], ჩვენ ვიყავით ყველასთან, სადაც დავინახავთ არასამართალს. ჩვენ დავინახეთ ვიდეოები, სადაც ამ "ელგებედე" წარმომადგენლებმა ჩვენი ეროვნული დროშის ფონზე და ქართული მუსიკის ფონზე ჩაიწერეს უმსგავსო საქციელები, ჩვენს ბიბლიას, ჩვენს სამებას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ ამ ყველაფერს დაარქვეს სახელი, რომ 5 ივლისს რუსთაველზე გამოვიდოდნენ, სადაც ჩვენი გმირები დაიხოცნენ და დაარქვეს სახელი "ღირსების მარში". ეს იყო ყოველგვარი ჩვენი გამოწვევა, ჩვენი სულიერი, მორალური, ადამიანური გამოწვევა. ამ საქციელით დავრწმუნდი, რომ მათ სურდათ ჩვენ გვეძალადა მათზე. ამიტომაც მე ჩამოვედი თბილისში 12 დღით ადრე, ჩემ თანამოაზრეებთან ერთად. მათ სურდათ, რომ ჩვენნაირ ბიჭებზე დაერქვათ მოძალადეები და ისინი გამოსულიყვნენ აზრის თავისუფლების მქონე ადამიანები.

მათ შემოუშვეს ჟურნალისტები. ვერავინ იტყვის, რომ მე მოძალადე ვარ, 5-ჯერ მაქვს ვეროპის საზღვარი გადაკვეთილი, საქართველოშიც 29 წლის მანძილზე მაჩვენეთ, წვრილმანი ხულიგნობაც თუ ჩამიდენია, მათ სურთ ჩემგან მოძალადე შექმნან, რადგან შეეხნენ ჩვენს ძვირფასს, მე ვზრუნავ ჩემი მომავლისთვის, მე სანამ ჩემ სახლამდე მივალ, სამაგალითო უნდა ვიყო მომავალი თაობისთვის. თვალებში ჩახედვის არ უნდა მრცხვენოდეს ჩემი კოლეგისთვის და ვეიმედებოდე მოხუცებს", -
თქვა დავით კუტალაძემ სასამართლო სხდომაზე. ის იზიარებს შსს-ს ვერსიას იმის შესახებ, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა და არ თვლის თავს დამნაშავედ იმაში, რომ იყო თავდამსხმელთა შორის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ოპერატორს ისე სცემეს, სახის ძვლები ჩაუმტვრიეს და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. კუტალაძე ამბობს, რომ ის მოძალადე არ არის და ჟურნალისტებმა დააბრალეს მას მოძალადეობა, რომლებმაც გარდაცვლილი ოპერატორისგან "განტევების ვაცი" შექმნეს.

"რაც შეეხება ჟურნალისტებს, ჟურნალისტებმა დამაბრალეს იმ ადამიანის ხელყოფა, ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ვინც გარდაიცვალა. განცხადება დადეს, რომ ადამიანს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული, ტვინის შეშუპება მიღებული, შემდეგ ვნახეთ ვიდეო, ადამიანი შოუში გამოდის და ნახევარი საათი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მას არაფერი არ ჭირს, არის სრულიად ჯანმრთელი და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემდეგ 6 დღის მერე იდება ვიდეოები, რომ ადამიანი აფთიაქში შედის, მერე არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდება. მათ სურდათ, რომ მისგან შეექმნათ განტევების ვაცი.

მე მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე სწორ გზაზე ვიდექი, ყველამ შემომიტია, ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხს გააცნეს, როგორც მოძალადე. მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ყოველთვის იამაყებს, რომ ქართველია. ჩემი ისტორია სუფთაა, ერთი დარღვევაც კი არ გამაჩნია 29 წლის მანძილზე და აქ თქვენ მეუბნებით მოძალადეო. მე არც ამერიკისკენ, არც რუსეთისკენ არ ვარ. მე ყველა მართლმადიდებელი მიყვარს მსოფლიოში და ვარ გულანთებული ვაჟკაცი, ვინც პატივს ცემს 300 არაგველის გარდაცვლილი ნეშთისგან გაკეთებულ ფარს, რომელიც საქართველოს დღემდე აქვს შემოხვეული.

მე შეიძლება საკმარისი განათლება არ მქონდეს, საშუალო განათლება მაქვს, მაგრამ ცხოვრება ისეთი გაკვეთილია, ვერ გააცდენ.

ჟურნალისტობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, უნდა გააშუქო სიმართლე. გარდაცვლილი ადამიანის კოლეგამ ჩვენზე დაწერა და ის არის, ვინც მე ხელი დამადო. ვაჟკაცის პირველი ღირებულებაა, ქალს ხელი არ ახლოს.


მე შემომთავაზეს ნებისმიერ ქვეყანაში გაქცევა, მაგრამ მე უარი ვთქვი, დავრჩი ჩემ ბიჭებთან, მე გასაქცევი არ მაქვს, სულ ასე ჩემ ერთან ვიქნები. გასაქცევი იმ ადამიანს აქვს, ვინც მართალი არაა და ხმამაღლა არ ლაპარაკობს. გადაწყვიტეს, ეს ადამიანი ცემაში მოვკალით და მეორე წუთში დაიდო ის ვიდეოები [შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი] და ყველამ გაიგო სიმართლე.

იმ ფერადი დროშის უკან სატანა დგას, მათ არ გააჩნიათ მორალი, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ აქვთ ფული. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი, რომელიც კავკასიის გულში არასდროს მოგცემთ უფლებას, ასეთი მარში ჩატარდეს. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ ჩემნაირი მართალი ადამიანები, ვინც ვერ მოისყიდნენ, ვინც ნარკოტიკებით ვერ მოისყიდეს, ჩემნაირი ნამდვილი ვაჟკაცები [...]

მე დამაბრალეს შავი დაჯგუფების წევრად და რუსეთთან კავშირი, მე მიყვარს ჩემი სამშობლო. მე აქედან შეიძლება ციხეში ამომაყოფინონ თავი, რადგან მე პატიოსანი გლეხი ოჯახის შვილი ვარ. მათ ჩემ წინააღმდეგ არანაირი მასალა არ აქვთ.

ესენი არიან ფერადი დროში მიღმა სატანის მსახურები, ვისაც აქვთ ფული. ჩვენ ვართ პატიოსანი, მშრომელი ხალხი. ტურისტი იმიტო ჩამოდის საქართველოში, რომ ჩემნაირი მშრომელი ადამიანის მიერ დაწერილი ისტორია ნახონ და არა ის გარყვნილი ისტორიაა, რასაც ესენი ქადაგობენ," - განაცხადა კუტალაძემ.

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ კუტალაძეს ბრალი დაუმძიმდეს და ძალადობის სხვა ეპიზოდებში ან ძალადობის ორგანიზებაშიც იქნეს ბრალდებული.

დავით კუტალაძე სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი აქტიური წევრია, მას ფეისბუკის პირად გვერდზე ძალადობის მოწოდების შემცველი არაერთი ვიდეომიმართვა და მოწოდება უდევს - იყენებს სიძულვილის ენას, აკეთებს ჰომოფობიურ, ანტისადასავლურ და ანტილიბერალურ განცხადებებს. დავით კუტალაძე "რიონის ხეობის მცველების" მოძრაობის გულშემატკივარიცაა. ცხოვრობს ქუთაისში და აქვს საშუალო განათლება.

დავით კუტალაძე ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში რამდენიმე ათეული პირი სასტიკად გაუსწორდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - დაკავებულია მხოლოდ 5 თავდამსხმელი. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა თვალი და სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული სამედიცინო ჩარევა. ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი - შსს ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან. გარდაცვალებიდან მეორე დღეს "შუალედური ქიმიური დასკვნის" საფუძველზე უწყებამ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო.

ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.

მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG